მნიშვნელოვანირეგიონი

საპროტესტო აქცია სარფში

საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მიმდინარეობს აქცია, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი წესის გამო. აქციაში მონაწილეობენ საქართველოს ის მოქალაქეები, ძირითადად აჭარის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამუშაოდ თითქმის ყოველდღე, რამდენიმე საათით გადადიან.

მათი განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის 90 დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე და შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან.

2018 წლის პირველ იანვრამდე, თურქეთის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში შესვლა-გამოსვლა შესაბამის ბაზაში არ ფიქსირდებოდა, პირველი იანვრიდან კი, თუნდაც ერთი საათით ყოფნა ერთ დღედ ითვლება. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება უცხოეთის ყველა სახელმწიფოზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში, კონკრეტულად კი ართვინის გუბერნიაში მიემგზავრება, ოფიციალური შეხვედრა გუბერნატორთან გაიმართება. საუბარი შეეხება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს. პატარაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, იმისათვის, რომ თურქულ მხარესთან კონსენსუსი შედგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button