დაკარგულ კაცს იორმუღანლოში 1 თვეა ეძებენ – ადგილობრივებმა აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია სოფელ იორმუღანლოში- სოფელში გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ერთი თვის წინ დაკარგული ნაზიმ ნაბიევის შესახებ, ინფორმაციას ითხოვენ და პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლოს, ნაბიევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყურბანოვების ოჯახში იმყოფებოდა. მასპინძლებთან ერთად, მამაკაცი პირუტყვის შესაძენად, კასპში წასვლას აპირებდა და თან 32 ათასი ლარი თანხა ჰქონდა.
ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცის გაუჩინარება, სწორედ ფულს უკავშირდება.
აქციის მონაწილეები თვლიან, რომ პოლიციამ ყურბანოვი უნდა დააკავოს, რადგან დაკარგული მამაკაცი, ბოლოს სწორედ მან ნახა.
სამართალდამცავების მხრიდან გაცემული დაპირებების მიუხედავად, ნაბიევის ადგილსამყოფელი, ამ დრომდე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ნაზიმ ნაბიევი, სახლიდან 2022 წლის 4 იანვარს გავიდა და ის, ოჯახის წევრებს, მას შემდეგ აღარ უნახავთ.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: