საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი-შსს განცხადებას ავრცელებს
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი:
“აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა
უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები
და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი”.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში,
თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს.
პარლამენტის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.
სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ.
მმართველი პარტიის აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტის სხდომისას, დღის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განიხილონ.
პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
პარლამენტთან ასასვლელი ქუჩა პოლიციას და სპეცრაზმს აქვს გადაკეტილი.
აქციის მონაწილეები ცდილობენ, სამართალდცავების კორდონის გარღვევას და არის შეხლა-შემოხლა.
აქციის მონაწილეები სკანდიეებენ “რუსებო”.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მშვიდობიან მოქალაქეებს რობოკოპები უპირისპირდებიან. მანამდე კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები.