მნიშვნელოვანისიახლეები

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი ხოლო დავით გუნაშვილს კი 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა

21 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მასთან ერთად დაკავებულ დავით გუნაშვილს კი 7-დღიანი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

ლევან ზაზაძის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა აქტივისტებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

დარბაზიდან გაყვანის დროს რამდენიმე აქტივისტი წაიქცა, ამავდროულად, ერთ-ერთი მოქალაქე ადგილზე შეუძლოდ გახდა.

ჯგუფ “ფარის” წევრს, დავით გუნაშვილს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

გუნაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 21 აპრილს დააკავეს.

აქცია დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც წინა ღამეს, გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე დააკავეს.

მათი მხარდამჭერები პარლამენტთან დილიდან იყვნენ შეკრებილები და გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. პოლიციამ ამ დროს გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა.

ცნობისთვის, ლევან ზაზაზე ერთ-ერთია, ვინც 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ზაზაძე აღდგომის საღამოს პოლიციის მიერ დაკავებული გიორგი ორთოიძეს და მიხეილ სამხარაძის მხარდასაჭერად იყო მისული.
21 აპრილს, აღდგომის მეორე დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები პოლიციელების მოქმედების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. პოლიციამ აღდგომის ღამეს პროევროპული აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა ადმინისტრაციული წესით. მათგან ტროტუარზე დგომის დროს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად არაერთი კანონი მიიღო: გაზარდა ჯარიმები, აკრძალა ლაზერების, ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება – დემონსტრანტები რუსთაველზე შეიკრიბნენ აღდგომის ღამესაც.

„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ ასობით ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ. ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესითაც – პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button