საპროტესტო აქციების 138-ე დღეს დემონსტრაცია თსუ-სთან დაიწყო
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

დღეს, 2025 წლის 14 აპრილს, – ქართული ენის დღეს, ამავე დროს, პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 138-ე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს.
უნივერსიტეტთან ორშაბათ საღამოს 7 საათისათვის ასობით ადამიანი შეიკრიბა, მათი რაოდენობა თანდათან გაიზარდა. ადგილზე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
„გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია“, „არ შევშინდებით“, „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“, – წერია დემონსტრანტების მიერ აქციაზე მიტანილ ბანერებზე.
„გამარჯვება ხალხშია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ – სკანდირებენ ისინი.
საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, ასევე სტუდენტები, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ. „1978 წლის 14 აპრილს ახალგაზრდობამ და მთელმა მოსახლეობამ მოიპოვა ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება და შეუნარჩუნა საქართველოს ენა… მაშინდელი გამარჯვება, გამარჯვების რწმენა, განცდა, გვინდა, რომ დღესაც გადმოვიტანოთ და განვიმტკიცოთ. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გოტა ჭანტურიამ, საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელთან აწყობს აქციებს.
„სოლიდარობა სტუდენტებს! სოლიდარობა პოლიტპატიმრებს“ – განაცხადა მან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედაენის დღეს ისინი აპირებენ იმ ისტორიული მარშრუტის გავლას, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.
ცნობისთვის თსუ-სთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეებიც.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველია გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.