მნიშვნელოვანისიახლეები

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

ამასთან, თავდაპირველად სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა.

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენების პასუხად მეტი ადამიანი გავა ქუჩაში.
მისი თქმით, ვერ მოხდება მოქალაქეების დაშინება, რადგან ისინი ითხოვენ ფუნდამენტურ უფლებას – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
“უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ვნახეთ მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად იდგნენ მელიქიშვილზე და მოხდა მათი დარბევა, არანაირი საჭიროება ამ თავ-პირის მტვრევის, რაც მოაწყო პოლიციამ, არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ამიტომ, ეს ყოველთვის გამოიწვევს უფრო მეტ პროტესტს. ცხადია, რომ ამის პასუხად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში და ეს არის სწორედ რასაც ჩვენ ახლა ვაპირებდით, ამიტომ, უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ ასეთი ტიპის ძალისმიერი მოქმედებები, დაშინება ვერ მოხდება ჩვენი თანამოქალაქეების, იმიტომ რომ ისინი ითხოვენ ფუნდამენტურ უფლებას, ქვეყანაში ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ამ ადამიანების ერთობა, რომელსაც ვხედავთ, მხოლოდ გაიზრდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, განვაცხადეთ გუშინ და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ მიგვაჩნია აუცილებლად ოთხივე კოალიციის წარმომადგენლების ერთიან ფორმატში მსჯელობა, გაერთიანება, სადაც იქნება პრეზიდენტი გამორჩეული როლის შემსრულებელი, იმიტომ რომ ეს ერთიანობა ჩვენი საზოგადოებისგან დაკვეთაა, მაგრამ მთავარი აქ არის ერთიანობის ჩვენება, ეს მინიმუმ მილიონ ხმას წარმოადგენს. მინიმუმ ჩვენი მილიონი თანამოქალაქის ხმის კოალიციას ერთობით შეუძლია აჩვენოს სწორედ ის, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ამომრჩევლების უფლებას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ აქ – თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას, ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო მსვლელობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკან დახევას არც ერთი ნაბიჯით აპირებს.
“გამოვთვათ რეაქცია პოლიციის უღირსობაზე! თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ აქ – თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენი საჭიროა გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენ მოქალაქეს, არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა ოცნება და გაიწევა რუსეთი ამ ქვეყნიდან იმიტომ, რომ თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით და არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ახლა აქ ვორგანიზდებით, აპარატურა მალე აეწყობა და დავბანაკდებით ისევ აქ”, – მიმართა ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ცოტა ხანში აეწყობა აპარატურა და სიტყვით გამოსვლები დაიწყება.
„სულ ცოტა ხანში აეწყობა აპარატურა და უკვე ნორმალურად მოგმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ბევრი აპარატურა მოგვპარეს, ქურდულად, პოლიციელებმა. გავიგე, რომ არ ისმის, ხალხნო, გადაეცით ერთმანეთს, თუ შეიძლება, აპარატურა აეწყობა. ჩვენ დღე მესამე აქ ვართ, აქ ვრჩებით, არსად მივდივართ, ვართ ყველანი ერთად. აპარატურა აეწყობა და უკვე დავიწყებთ სიტყვით მომართვას“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.

მანამდე აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეების რაოდენობის გამო, პოლიციამ უკან დაიხია.

შსს-მ დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, მელიქიშვილზე დაკავებები დაიწყო. უწყების ცნობით, ჯამში 16 პირი დააკავეს ადმინისტრაციულად, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს.

დაკავებულებს შორის იყო “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე. მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბარამიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც ხელწერილით რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან მსვლელობით გადაინაცვლეს ჭავჭავაძის გამზირზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button