საპროტესტო კარავს დღეს ზუგდიდშიც გაშლიან
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტები დღეს, 20 იანვარს ზუგდიდში ჩავლენ და საპროტესტო კარავს გაშლიან.
სამოქალაქო აქტივისტები ასევე მივლენ ენგურის ხიდთან და ანაკლიში, სადაც ოკუპაციასა და ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას გააპროტესტებენ.
“ჩვენი მიზანია, რომ იდეაში ეს პროტესტი მთელ ქვეყენას მოედოს, ყველა ის ადამიანი, ვინც არის აღშფოთებული და ვისაც სურს ცვლილებები ამ ქვეყანაში, ჩაერთოს ამ საპროტესტო მოძრაობაში. შევქმნით სამოქალაქო კოალიციას, ეს იქნება განაცხადი, რომ ქართველი ხახლი არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დაინიშნოს ვადამადელი არჩევნები”, – ამბობს აქტივისტი, გიორგი მუმლაძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ლაშა ელიაძის თქმით, დასავლეთ საქართველოში მათი გეგმაა რაც შეიძლება მეტი რაიონის მოცვა, ქალაქებსა და სოფლებში მისვლა.
დღის ბოლოს აქტივისტები სამოქალაქო კოალიციას დააფუძნებენ.
ბათუმის, თბილისისა და თელავის მსგავსად, საპროტესტო კარავების დადგმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება.