მნიშვნელოვანისიახლეები

საპროცედურო კომიტეტი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას მომავალი კვირისთვის გეგმავს

მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.
აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა განმარტა, მანამდე კომიტეტი მოამზადებს დასკვნას და ამის მიხედვით გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები.

„ვამთავრებთ სასესიო კვირას და მთლიანად საგაზაფხულო სესიას. დარჩენილი გვაქვს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ცალკეულ პირთა, პარლამენტის წევრთა მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამის შესახებ ადრეც გვქონდა საუბარი. ამასთან დაკავშირებით გვექნება კომიტეტის სხდომა. მოგეხსენებათ, დღემდე არსებული ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მხრიდან არასაპატიო მიზეზით ხდება გაცდენა, ანუ დარღვევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის. ეს კიდევ ერთხელ მოწმდება ჩვენი კომიტეტის მიერ, რომ არსად რაიმე ფორმით არ მოხდეს არასწორი ინფორმაციის გაჟღერება. კონკრეტული შემოწმება იქნება 12 დეპუტატიდან ყველა პირის მიმართ, რამდენად არის მათი მხრიდან დარღვეული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ტექნიკური თვალსაზრისით, გვევალება ჩვენს კომიტეტს ამ საკითხის შემოწმება და დასკვნის გაკეთება. შესაბამისად, ჩვენ, სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება ამ საკითხზე კომიტეტის სხდომა. გთხოვთ დასწრებას და დანარჩენ საკითხს მივიღებთ იმის მიხედვით, მოკვლევის როგორი შედეგებიც გვექნება. წინდაწინ ამ საკითხზე მაინც არ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ XI პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს. ამასთან, მათ სხვა პარტიებისგან განსხვავებით სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერიათ და არც საარჩევნო სია „ჩაუხსნიათ“.

პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით “გახარია საქართველოსთვის“ წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დღის წესრიგში საარჩევნო სიით მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობის საკითხი დადგება.

ამ ყველაფერზე კი გადაწყვეტილებას პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში მიიღებს.

გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მანდატების გაუქმების შემდგომ, პარტიის წევრები მოკლებული იქნებიან იმ „ბენეფიტებს”, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა – მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ.

„გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გააზრებულად არ შემოდიოდნენ, არ ესწრებოდნენ პარლამენტის სესიებს და არ მონაწილეობდნენ პროცესში, რა თქმა უნდა, კანონისა და შესაბამისი მუხლების მიხედვით მათ მანდატი უუქმდებათ, რაზეც პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდგომ, ისინი მოკლებული იქნებიან იმ ბენეფიტებს, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა – მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ. არასწორი და მცდარია ნებისმიერი სხვა კონკრეტული ფაქტის მიბმა იმაზე, რომ ჩვენ რეგლამენტს აღვასრულებთ და როდესაც დეპუტატი აცდენს სხდომებს და არ ესწრება, უუქმდება მანდატი“, – განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, იმიტომ ხომ არ ჩქარობს „ქართული ოცნება“ იმუნიტეტის შეჩერებას, რომ გახარიას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდონ, წილოსანმა უპასუხა, რომ ეს ფორმულირება არასწორია და წესით და რეგლამენტით მოუწია ვადა, რომ გახარიას პარტიის წევრებისთვის მანდატის შეწყვეტა განიხილონ.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ კანონის ფარგლებში ჯდება, რომლითაც პარლამენტი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button