„საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს”-რუსეთმა აგვისტოს ომი შეაფასა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელიც 2008 წელს, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა, TASS-თან საუბარში განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამხრეთ კავკასიაში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ დასავლეთის მიერ ე.წ. ახალგაზრდა სახელმწიფოებში პოლიტიკურ წრეებში ე.წ. ფოკუსირებული ჯგუფების მეთოდური დამუშავება, ამ სახელმწიფოების და ზოგიერთი ლიდერის როგორ აგრესიულობას იწვევს არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხში და სხვისი წინადადებით მიღებული გადაწყვეტილებების ცდომილების გაცნობიერების პერიოდს როგორ ახანგრძლივებს“.
მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა „დაერღვია მშვიდობიანი რეგულირების ლოგიკა, დაემხო საერთაშორისო სამართალი და საკუთარი პოლიტიკური სიძლიერე გამოეჩინა“, მაგრამ „დამარცხდა ამ ავანტიურისტულ ომში“.
ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში საქართველომ გაიარა „დასკვნების საკმაოდ მკაცრი სკოლა“.
„საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ამყარებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყველა მეზობელთან, მისი კურსი პრაგმატულია საკუთარი ეკონომიკის განვითარებისკენ. თბილისში ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით, მონაწილეობს ე.წ. ჟენევის დისკუსიებში. ეს არის ძალიან კარგი, მომწიფებულია და კარგი შედეგების მომტანი. ეს არის აშკარა გაკვეთილი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მრავალი სხვა ქვეყნისთვისაც, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ საკუთარი იმიჯი ნაციონალიზმზე დაყრდნობით და წარმოჩნდნენ დიდ ძალად“, – განაცხადა კარასინმა.
2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთზე ვერაგული თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთზე მოღალატური თავდასხმა განახორციელა. პარალელურად განხორციელდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ამ კრიმინალურ ავანტიურას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებსა და რუს სამხედროებს შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მისი მტკიცებით, რუსეთი „იძულებული გახდა” მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა.
„იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. შექმნილ ვითარებაში რუსეთი იძულებული გახდა აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა. 26 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მისი მტკიცებით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
„ასევე მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციით და შემდგომი დემარკაციით“, – წერს ზახაროვა.
საქართველოსთან ომის მე-15 წლისთავზე რუსეთის ექსპრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წელს “შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს” აშკარად აკლდათ გამოცდილება, ხოლო რუსეთმა „გადაჭრით უპასუხა ცხინვალზე მუხანათურ თავდასხმას”.
„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში. ჩვენ მტრისგან დავიცავით ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მისცეს”, – განაცხადა მედვედევმა, რომელმაც 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, სირიამ და ნაურუმ აღიარეს.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები და მისი ვასალები სხვისი ხელით კვლავ აწარმოებენ დანაშაულებრივ ომს, ცდილობენ პირისაგან მიწისა აღგავონ რუსეთი.”როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი საკუთარი პირობებით მიაღწევს მშვიდობას. გამარჯვება ჩვენი იქნება! – წერს მედვედევი ტელეგრამის არხზე.
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირი.