საქართველო არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

საქართველო 2025 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მედიას ქართული ოცნების მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მიწვევა არცერთი ღონისძიებიდან არ მიუღიათ.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო არცერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ „მიწვევა რომც მიიღონ, ვერ წავლენ“.
ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს უნდა გაიმართოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ასევე, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტები. ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
2025 წლის მიუნხენის კონფერენცია იქნება პირველი, რომელსაც არ დაესწრებიან საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.