“საქართველო ავტორიტარიზმს მიუახლოვდა”
“ფრიდომ ჰაუსის” მორიგი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეფასება გაუარესებულია, რისი მთავარი მიზეზიც, ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნით, არის ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის გიგი უგულავას დაპატიმრება, ხელისუფლების მიერ პროვოცირებული პოლიტიკური კრიზისი და მოსამართლეების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა.
“ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, საქართველო ისევ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნად რჩება, თუმცა რამდენიმე პარამეტრით, ის ავტორიტარულ რეჟიმებს მიუახლოვდა. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია-გარემოზე, კანონის უზენაესობა კი, პოლიტიზაციით არის ძირგამოთხრილი. სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული.
ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის ხარისხის შარშანდელი მაჩვენებელი 3,29 ქულა იყო. წელს კი, ეს მონაცემი ოდნავ გაუარესებულია და 3,25 ქულას შეადგენს.
ანგარიშში კონკრეტულად არის ნახსენები 2020-ის დასაწყისში გაურკვეველი მოტივით დაწყებული დაპატიმრებები, ასევე, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლიდან მალევე, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება.
“სასამართლოს სისტემა ისედაც დაძაბულობის მაპროვოცირებელია ქვეყნის ისედაც პოლარიზებულ ვითარებაში. 2019 წელს და 2020-ის დასაწყისში განურჩეველმა დაპატიმრებებმა და კამათის საგნად ქცეულმა რამდენიმე სასამართლო პროცესმა ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გააუარესა.
ამგვარი შემთხვევები მხოლოდ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში რომ არ იქნება შემოფარგლული, ის ამტკიცებს, რომ საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ უზენაეს სასამართლოში მიავლინა 14 ახალი მოსამართლე, უაღრესად დისფუნქციური და არაპროფესიონალური დანიშვნის პროცესის შედეგად”. – ვკითხულობთ ანგარიშში.
“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის თანახმად, 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში პოლიტიკოსები ძირს უთხრიდნენ კანონის უზენაესობას, რამაც გამოიწვია მაჩვენებლების გაუარესება ჩეხეთის, საქართველოს, ლატვიის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროსთვის. მთავრობები სასამართლოებს აკომპოლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით, იღებდნენ სასამართლოს შემზღუდველ კანონებს და ზოგ შემთხვევაში, აწარმოებდნენ დევნას ცალკეული მოსამართლეების მიმართაც.
პოლიტიკური პროცესების შეფასებების კუთხით, ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია 2020 წლის თებერვლის მოვლენები, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა შეესრულებინა დაპირება და საქართველო სრულად პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასულიყო. ანგარიშში ნახსენებია, რომ 2020 წლის თებერვალში ქართული ოპოზიციის წარმოამდგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო ცხოვრებას, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის მეტად რთული მომენტი იყო. ამ დაძაბულობის განმუხტვა მოხერხდა თვეების შემდეგ, როცა პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთნენ და ეს ვითარება მარტის შეთანხმების მიღწევით ამოიწურა.
ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლით, შემცირდებოდა ქართული ოცნების შანსები, კიდევ ერთხელ გაემარჯვა 2020 წლის არჩევნებში.
“უმკაცრესი შეფასებები “ფრიდომ ჰაუსისგან”, – ასე აფასებს ამ ანგარიშს ოპოზიცია და მიიჩნევს, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულია საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, გადადგას ნაბიჯები საიმისოდ, რათა ქვეყანა ავტორიტარული ქვეყნის კატეგორიას კიდევ მეტად არ მიუახლოვდეს.
ანგარიშში სახელად “ქვეყნები გარდამავალ პროცესში” ვკითხულობთ: უფრო მეტ ლიდერს ქვეყნებში თავიც კი აღარ მოაქვთ დემოკრატიული წესებით მოთამაშედ. ისინი ღიად ესხმიან თავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მუშაობენ ინდივიდუალური თავისუფლებების შესაზღუდად.