მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველო დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას-საქართველოს მე-3 პრეზიდენტი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ღია წერილს ავრცელებს მორიგ მიმართვაში ფიცს დებს და ამბობს, რომ საქართველო დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას.

ექსპრეზიდენტის თანახმად, “ვარდების რევოლუციამ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა”.

მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, ქართველი ერის გამბედაობის რომ არ სჯეროდეს, სიცოცხლეს არ გარისკავდა და არ დაბრუნდებოდა.

„ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილია 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი გაყალბების წინააღმდეგ დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, რასაც 23 ნოემბერს მოჰყვა პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა.

2004 წლის 4 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა ხმების 96%-ით და საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა ბოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის, 2013 წლის ნოემბრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ბლოკთან, „ქართული ოცნება”.

სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს.

დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ
“ვარდების რევოლუცია თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო.
საქართველო გახდა “ერი სხვა ერთა შორის”, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება.
საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა.
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა “მსოფლიო დემოკრატიის შუქურა”.
მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.
ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც სიბნელეს! ჩვენ არ ვართ ზარმაცები, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ. არამედ იმ 9 წელიწადში ყველაზე სწრაფად ვმუშაობდით და ვვითარდებოდით.
მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობის, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.
“ვარდების რევოლუციის” თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არა ძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. “ვარდების რევოლუციის” თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.
როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები,(რომელიც ამოღებულ იქნა) – “თავისუფლება დღეს ჩვენი” … ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის.
ვარდების რევოლუციამ საქართველო რეგიონის სუპერ ვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა.
ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს!
ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!
ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!
თავისუფლება დღეს ჩვენი!
წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში,” – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვაში”.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button