საქართველო – ევროპის ორმაგი ჩემპიონი!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს კლუბი “მებრძოლი” ევროპის ჩემპიონია.
გიორგი ბაინდურაშვილის ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ჩემპიონატზე სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივეში იმარჯვა და “ოქროს ლიგის” უძლიერესი კლუბის სახელი მოიპოვა.
მამაკაცთა ევროკონკურენციაში სულ 8 კლუბი ჩაერთო. ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირი საფრანგეთის “სენტ ჟენევიევის” ძლევით გახსნეს. ნახევარფინალში კი პორტუგალიის “სპორტინგს” აჯობეს. ორივე შემთხვევაში, “მებრძოლი” 0:2-ს აგებდა და ბოლო სამ წონით კატეგორიაში შეძლო შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება.
“სენტ ჟენევიევთან” დაპირისპირებისას ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) დავიდ ლაროსთან დამარცხდა, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) – ჟულიენ ლა როკასთან. შემდეგ კი ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ჟულიენ კერმარეკს მოუგო, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) – ლუდოვიკ გობერს, ხოლო ადამ ოქრუაშვილმა (+90 კგ) – ჟან სებასტიან ბონვუასინს.
“სპორტინგთან” დაჭიდებამდე ბაინდურაშვილმა განაცხადში ორი შეცვლა განახორციელა. 66-ში ტატამზე ამირან პაპინაშვილი გაიყვანა, 90-ში კი ზვიად გოგოჭური. პირველმა გადაწყვეტილებამ წარმატება ვერ მოიტანა – პაპინაშვილი სერგიუ ოლეინიკთან შებოჭვაზე მოჰყვა. გოგოჭურმა კი დანიელ კოშტას ვაზარით ძლევით საერთო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ზვიად გოგოჭურის ტატამზე გასვლამდე ტატალაშვილმა რუსტამ ორუჯოვთან ვაზარით წააგო, ჭრიკიშვილმა კი ანრი ეგუტიძეს უილეთო შეხვედრაში შიდოების ლიმიტი ამოუწურა. ფინალის საგზურის მომტანი ქულა “მებრძოლს” ოქრუაშვილმა მოუტანა, იაკივ ხამოს შებოჭვით. შწორედ ოქრუაშვილმა დასვა საჩემპიონო წერტილიც, დიმიტრი პეტერსისთვის შესრულებული სუფთა გდებით.
ფინალში თავიანთი შეხვედრები ასევე მოიგეს ნუგზარ ტატალაშვილმა (ევროპის მოქმედ ჩემპიონ საგი მუკისთან) და ვარლამ ლიპარტელიანმა (მარკ ოდენტალთან). მარგველაშვილი გიორგი ზანთარაიას ვაზარით და იუკოთი ამარცხებდა და იპონზე დაეცა. ჭრიკიშვილმა კი მოულოდნელად, დომინიკ რესელისგან გაუშვა სუფთა გდება.
“ოქროს ლიგაში” მესამე ადგილები “სპორტინგმა” და რუსულმა “იავარა ნევამ” დაიკავეს.
მომავალ წელს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე სამი ქართული კლუბი იასპარეზებს: ევროპის მოქმედი ჩემპიონი “მებრძოლი” და პირველი ლიგიდან დაწინაურებული “საგარეჯო” და “შევარდენი”.