პუტინის მიერ ყოველწლიური პრესკონფერენციის გაუქმება, შესაძლოა, ომის საწინააღმდეგო განწყობებით იყოს გამოწვეული
უკრაინის პროკურატურამ რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 154 შემთხვევა დაადგინა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ყოველწლიური პრესკონფერენციის გაუქმება, შესაძლოა, ომის საწინააღმდეგო განწყობებით იყოს გამოწვეული.
დაზვერვა წერს, რომ კრემლში ეშინიათ, პრესკონფერენციაზე ისეთი კითხვები დასვან, რომელიც არ იქნება მათთან შეთანხმებული და სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შეეხება.
“მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციის კითხვები წინასწარ არის შეთანხმებული, სავარაუდოდ, გაუქმება გამოწვეულია ომის საწინააღმდეგო განწყობების გავრცელების მზარდ შეშფოთებასთან დაკავშირებით. კრემლი შესაძლოა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ პუტინის მონაწილეობით ასეთმა მოვლენამ შესაძლოა გამოიწვიოს არაავტორიზებული დისკუსიები სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ. კრემლის წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელსაც პუტინი ესწრება, შესაძლოა სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ისეთი კითხვები დასვას, რომელიც არ იქნება მათთან შეთანხმებული”, – აცხადებენ დაზვერვაში.
12 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 წლის განმავლობაში პირველად, ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა.
მედიამ ამაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა და წერდა, რომ გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი “ფრონტზე არსებული ვითარება” იყო.
გარდა ამისა უკრაინის პროკურატურამ რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 154 შემთხვევა დაადგინა. უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილია რუსეთის ფედერაციის 6 სამხედრო მოსამსახურე.
გარდა ამისა, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტებიც გამოვლინდა, რომლებიც რუსებმა ოკუპაციის დროს ჩაიდინეს. კერძოდ, სამართალდამცავების ინფორმაციით, ხერსონის რაიონში, რუსი სამხედროები ქალს 4 თვის განმავლობაში აუპატიურებდნენ, ხოლო 2022 წლის მარტიდან, ერთ-ერთ ქალს სისტემატურად აწამებდნენ -ასხამდნენ მდუღარე წყალს.
ასევე დაფიქსირდა გენდერული ძალადობის ფაქტები, როდესაც დამპყრობლებმა ოჯახებიდან გაიტაცეს და აწამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცოლები.
პროკურატურის ცნობით, წამებისთვის ოკუპანტები იყენებდნენ ელექტროშოკებსაც.