საქართველო კოვიდვაქცინების დამატებით მიღებაზე მოლაპარაკებებს მართავს
კორონავირუსის ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გვიდევს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 ანუ 50 ათასი ადამიანის აცრისთვის სამყოფი დოზა. იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმზე“ რეგისტრაცია 27 აპრილს, ხოლო აცრები 4 მაისს დაიწყოს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „სინოფარმთან“ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. საუბარია, ნახევარ მილიონ დოზაზე, რომელსაც ივნისიდან ველოდებით. ასევე, მილიონი დოზის მოწოდებაზე კონტრაქტს ვაფორმებთ „ნოვოვაქსთან“, მაგრამ მისი მოწოდება დიდი ალბათობით მოხდება ივლისი-აგვისტოში. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „ფაიზერთან“ 1 მლნ დოზაზე. ეს ყველაფერი კეთდება კოვაქსპლატფორმის მიღმა, კოვაქსთან შეკვეთილი გვაქვს 1,4 მლნ დოზა, საიდანაც ჯერჯერობით მივიღეთ „ასტრაზენეკას“ 43 ათასი და „ფაიზერის“ 29 ათასი დოზა, აპრილის ბოლოს კი უნდა მივიღოთ 86 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო