საქართველო რეზო ჩხეიძეს გამოემშვიდობა [VIDEO]
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე რეზო ჩხეიძე დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
რეზო ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. იგი ცნობილი ქართველი მწერლის დავით ჩხეიძის ვაჟი იყო.
1943-46 წლებში რეზო ჩხეიძე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. მის სახელს უკავშირდება კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე,“ „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი”.
პოპულარული ფილმები: „მაგდანას ლურჯა,“ „ჩვენი ეზო,“ „განძი,“„ღიმილის ბიჭები,“ “ნერგები,“ “ჯარისკაცის მამა,” „მშობლიურო ჩემო მიწავ“, “ზღვის ბილიკი”.
რეზო ჩხეიძე დაჯილდოებულია არაერთი მედლითა და სხვადასხვა სახის ჯილდოთი. 1963-1981 წლებში ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი იყო. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგად მუშაობდა.
ბოლო წლებში ჩხეიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო. მისი ვარსკვლავი რუთაველის თეატრის წინ რამდენიმე წლის წინ გახსნეს.
რეზო ჩხეიძე სამების ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა. სამებაში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
თამუნა გრძელიძის ვიდეო.