საქართველო საპროტესტო ტალღამ სრულად მოიცვა-დემონსტრანტები “ქართული ოცნების” ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან

საქართველო საპროტესტო ტალღამ სრულად მოიცვა. რუსული კანონის წინააღმდეგ დემონასტრაციები ყოველდღიურად და ყველაგან იმართება. არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ – რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ეპიცენტრი, რა თქმა უნდა, კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიემართებიან.
ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ.
“ვიაროთ ერთად, რათა არ გავხდეთ პროვოკაციის მსხვერპლი. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ერთიანობაა”, – მოუწოდებენ ორგანიზატორები მოქალაქეებს.
“საქართველო!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები პარლამენტთან 19:00 საათიდან იკრიბებიან. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს, შეიძლება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.
მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დღესაც იგეგმება და ორგანიზატორებს თქმით, ისინი საჯარო მოხელეებსაც მიმართავენ.
“ამ კანონს, პირველ რიგში, იმიტომ ვაპროტესტებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, რაც ევროპული ინტეგრაციის გზას ეწინააღმდეგება, არაკონსტიტუციურია. ეს ხაზს უსვამს ხელისუფლების ცინიკურობას, რომელიც საქართველოს საზღვრებს, დროშას, გერბს პატივს არ სცემს.
დღევანდელ პროტესტზე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც სამწუხაროდ გვაქვს – საფრთხე იმისა, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსი შეგვიჩერდეს. ეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვაა.
გვინდა ჩავუაროთ “ქართული ოცნების” ოფისს და ჩვენი აზრი მკაფიოდ დავაფიქსიროთ. საჯარო მოხელეებისთვის მიმართვა მზად გვაქვს. დღეს, ასევე, მრავალ პროვოკაციას ველით, რადგან ვიღაცებს ნომრებზე ურეკავენ და კანონის წინააღმდეგ გამოსვლისთვის შეურაცხყოფას აყენებენ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
უწყვეტი წინააღმდეგობა აღდგომის დღსასწაულის შემდეგ დღითიდღე უფრო მასშტაბური გახდება. პროცესში სულ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან რეგიონები. გრანდიოზული აქცია 11 მაისს ევროპის დღეს იგეგმება. მანამდე კი ახალგაზრდები თვითდინებით კვლავ პარლამენტთან იკრიბებიან.
თბილისში 20 დღეზე მეტია, კანონის საწინააღმდეგო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს.
„არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა აგვისტოს ომის მემორიალთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
მათი განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
“უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვუერთდებით სააქციო პოლიფონიას და ვცდილობთ აქედან გავაგონოთ სხვადასხვა რეგიონის ადამიანებს, რომ ფოთიდანაც ვაქტიურობთ და ვაპროტესტებთ ამ კანონს. დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერდა, რომ ემხრობიან ევროპულ მომავალს, მაგრამ ისინი არ აპირებენ გაიწვიონ “რუსული კანონი” . ვეწინააღმდეგებით ამგვარ მოქმედებას და ჩვენ ვამბობთ: “არა რუსულ კანონს. გვინდა, რომ ჩვენი საგარეო კურსი იყოს მთლიანად ევროპისკენ მიმართული და არ გვსურს ხვალ გავიღვიძოთ საბჭოთა კავშირში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა კუბეციამ.
ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა აქცია-მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები ჯერ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.
ისინი აცხადებენ, რომ კანონპროექტი წაკითხული აქვთ, მაგრამ არ მოსწონთ.
აქციის მონაწილეების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება კანონს მალე გაიწვევს. მსვლელობა დღის ბოლოს მერიასთან გადაინაცვლებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია თელავში მიმდინარეობს.
ლოზუნგით: „არა რუსულ კანონს“ მოქალაქეები ერეკლე მეფის ძეგლთან შეიკრიბნენ.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ საჭიროა მეტი ადამიანი ჩაერთოს პროტესტში, რა მიზნითაც ისინი ყველა დიდ ქალაქში ჩავლენ და აქციებს გამართავენ.
აქციაზე სიტყვით გამოსვლების შემდეგ შეკრებილები ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლებენ, აქცია – პერფორმანსს მოაწყობენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ უკან გაიწვიონ კანონი და შეაჩერონ მისი განხილვა.
არა რუსულ კანონს! – ქართველმა ემიგრანტებმა ბერლინსა და დრეზდენში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. გერმანიის დედაქალაქში ისინი ევროკავშირის სასახლესთან შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის უკან გაწვევაა. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ქართულ საზოგადოებას და დაასანქცირონ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები და ბიძინა ივანიშვილი.
აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის სასახლესთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და სკანდირებდნენ: “არა რუსულ კანონს!”