4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით აჩერებს

„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ 24 საათით მაუწყებლობას აჩერებს. ტელეეკრანებზე მხოლოდ 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალის ჩვენება ხდება.
მედიის წარმომადგენლები ითხოვენ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა.
ტელეკომპანიების ეთერები გუშინ, 13 ივლისს 15 საათზე ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს მედიაჰოლდინგ ჰერეთის რადიოსადგურებმა დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5 , კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8 და ბათუმში, რადიო ციტრუსი FM97.3, ასევე რეგიონულმა ტელევიზიებმაც.
მედიამენეჯერების ორგანიზებით მედიის სოლიდარობის აქციები დედაქალაქში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 11 ივლისიდან იმართება. აქციების მთავარი მოთხოვნებია მთავრობის გადადგომა და მოძალადეების დასჯა.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მას რამდენიმე დღით ადრე, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სცემეს და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ოპარაციების ჩატარების შემდეგ ის სახლში გამოწერეს, რამდენიმე დღეში კი დედამ გარდაცვლილი იპოვა.