261 კმ მაგისტრალიდან 193 კმ მაგისტრალი ოცნების დროს აშენდა და გაიხსნა-პრემიერი
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან, 193 კმ არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე.
მისივე თქმით, ახალი გზა გადაადგილებას გააადვილებს.
„მინდა, პირველ რიგში გითხრათ, ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიალში ვიღებ მონაწილეობას. ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალების მშენებლობას, გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე, იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და გრძელდება ეს პროცესი.
ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ. 27 კმ ოთხზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე, რა თქმა უნდა, გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა.
დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები. ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივესალმებით აი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. მთლიანად სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე დასრულდება 2024 წელს. დარჩენილი რამდენიმე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, როგორ უკვე აღვნიშნე, 2024 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი.
კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან, 193 კმ არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი. ახლა მიმდინარეობს 81 კმ-ზე სამუშაოები, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16 000 კმ გზა აშენდა და რეაბილიტირდა. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტიდან 6 მლრდ ლარი არის ინვესტირებული, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მითქვამს და მინდა, გავიმეორო – გზების მშენებლობას, მაგისტრალების მშენებლობას მოქვს სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და დიდი დანახარჯები აქვს აი ამ მასშტაბურ პროექტებს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანა იცვლება. აი, ამ პერიოდში ქვეყანა ვითარდება, განვითარდა, გაძლიერდა, გამდიდრდა და ეს დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, გადანაწილდება და გადანაწილდა რეგიონების მიხედვით.
მე არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, ვინც ჩართული იყვნენ ამ გრანდიოზული, საუკუნის პროექტის განხორციელების, დაფინანსების პროცესში. მინდა, მადლობა ვუთხრა რა თქმა უნდა, ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს, გზების დეპარტამენტს, ყველა მშენებელს, ინჟინერს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მეგობრებო, გრძელდება მშენებლობა და მიმაჩნია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვახარებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უხარია ამ განვითარების, პროგრესის ხილვა და ეს პროცესი გაგრძელდება, მივა ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილზე გამავალი მაგისტრალური, 4-ზოლიანი გზის 27 კილომეტრი. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა, რომელიც იმსახურებს აღნიშვნას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხევი-შორაპნის 27 კმ-იანი მონაკვეთი რელიეფურად ყველაზე რთული მონაკვეთია, რაზეც ხელოვნური ნაგებობების-გვირაბებისა და ხიდების რაოდენობა მეტყველებს.
მისივე თქმით, ახალი მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთლიანი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67%.
„ახალ 27-კმ-იან მონაკვეთზე, კერძოდ უბისაში, არის საქართველოში ყველაზე გრძელი – 1 362 მეტრის ხიდი. ამ ხიდის აშენებამდე ყველაზე გრძელი ხიდი ქვეყანაში ქობულეთის შემოვლით გზაზე იყო, რომლის სიგრძე 1 100 მეტრია. აღსანიშნავია ახალ მონაკვეთზე აშენებული გვირაბებიდან ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძეც, რომელიც 1 640 მეტრია. რაც შეეხება სარგებელს, რომელიც მანძილს და დროს უკავშირდება, აქაც მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. სწორედ ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის საგზაო მონაკვეთი. რაც შეეხება დაზოგილ დროს, ახალი მონაკვეთის დასაშვები სიჩქარით გავლას, 45 წუთის ნაცვლად 20 წუთში შეძლებთ.
რიკოთის მასშტაბი მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოებიდანაც იგრძნობოდა, მასში ჩართული იყვნენ ცნობილი და დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საპროექტო კომპანიები. მხოლოდ გზის პროექტირებაზე 140-მა უცხოელმა და ქართველმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა იმუშავა, მშენებლობის ყოველდღიურ ზედამხედველობას კი, 146 სპეციალისტი უზრუნველყოფდა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები რიკოთის დარჩენილ მონაკვეთებზე, პროექტი 2024 წელს დასრულდება.
„საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალურ გზაზე აშენდება 51 გვირაბი, რომლის ჯამური სიგრძე 33.6 კმ იქნება და 97 ხიდი, რომლის ჯამური სიგრძე 21 კმ-ზე მეტია. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტის დასრულების შემდეგ, მთლიანად რიკოთის უღელტეხილის გავლას, ერთ საათისა და 10 წუთის ნაცვლად, 35 წუთში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა მინისტრმა.
რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით აღნიშნული მაგისტრალი არის ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩინეთს ევროპასთან, – ამის შესახებ ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა, როლანდ პრაისმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, მაგისტრალს ექნება სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.
ამასთან, როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა აღნიშნა, აგრძელებენ პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან ტრანსფორმაციული პროექტების რეალიზებისთვის.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, აქ ვიმყოფებოდე, ამ ისტორიულ მიღწევას ვზეიმობდეთ. ბრწყინვალე ამინდიცაა და ჩვენთან ერთად ბუნებაც ზეიმობს. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება გახლავთ ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ განვითარების გახლავთ შემცირება დისტანციის, მგზავრობის დროს და გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით. ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, ტრანსპორტირებაზე და წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.
რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩინეთს ევროპასთან. მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი ღონისძიება ხდება პარალელურად თბილისის ძალიან წარმატებული „აბრეშუმის გზის ფორუმის“, სადაც გეოპოლიტიკური დინამიზმი იყო აღიარებული და ხაზგასმული. მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც 2.3 მილიარდი დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტი დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის გარეშე. F0 და F1 სექციის დასრულებას ველოდებით მსოფლიო ბანკი. იმედი მაქვს, ამას ასევე აღვნიშნავთ. ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოახდინონ ჯერ რეალიზაცია ტრანსფორმაციული პროექტების, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს ხალხის ამბიციურ ხედვაში, ხალხის წინსვლისა და აყვავებისთვის“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის ეს მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.
გზის 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.
ინფრასტურქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს.
ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი – 1 362 მეტრის ხიდი.
საერთო ჯამში, რიკოთის პროექტის ფარგლებში შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი, ამ დროისათვის კი, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების – ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება.