მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ამ წამს გავიგე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პრეზიდენტ პუტინის დასაკავებლად ომის დანაშაულებისთვის – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისთვის და გაყვანისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ პუტინი პერსონალურ პასუხისმგებლობას ატარებს ამ დანაშაულებისთვის”, – განაცხადა ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ დანაშაულების სიმძიმე და ჰააგის სასამართლოს განცხადებები “ყველაფერს ამბობენ”.
„ეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინის ხალხისთვის. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის განცხადებით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ, ისტორიულია.
მისივე თქმით, მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალურია.
“ახლა, თუ პუტინი დატოვებს რუსეთს, მას დააპატიმრებენ ან გადასცემენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. ახლა, მსოფლიო ლიდერები ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიუსხდებიან. ეს არის კიდევ ერთი ნათელი სიგნალი, რომ პუტინის რეჟიმი კრიმინალურია”, – ამბობს პროკურორი
კოსტინი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის შემთხვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი სულ 16,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოძიებული.
“უკრაინაში ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის 16,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოძიებული. ჩვენ ვშიშობთ, რომ რეალური რიცხვები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. რუსეთი ფაქტობრივად ანადგურებს ჩვენს მომავალს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ და საზარელი დანაშაულისთვის ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს”, – ამბობს პროკურორი.

“ეს მხოლოდ დასაწყისია”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერს.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button