მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში, თავშესაფრის მოთხოვნით, მხოლოდ 5 495 განაცხადი დაფიქსირდა, რაც 56%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემთან შედარებით. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში.

თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია გერმანიაშიც, სადაც მიმართვა საქართველოდან ყველაზე მაღალი იყო. “ევროსტატის” მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევარში გერმანიის შესაბამის უწყებას საქართველოს 1 395-მა მოქალაქემ მიმართა. 2023 წლის პირველ ნახევარში ეს რიცხვი 5 155-ს შეადგენდა. შესაბამისად, შემცირების მაჩვენებელი 73%-ია. თავშესაფრის მთხოვნელების რაოდენობის შემცირებას ოპოზიციაში საკუთარი არგუმენტებით ხსნიან.

მმართველ გუნდში მთავრობის მიერ გატარებულ სამშვიდობო და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, საქართველოში ცხოვრების სურვილი და შესაბამისი პირობები აქვთ.

“ევროსტატის” მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველი 6 თვის სტატისტიკით, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, ყველაზე მეტი – 1500 განაცხადი, საქართველოდან იტალიაში შევიდა. 1 395 განაცხადი დაფიქსირდა გერმანიაში; საფრანგეთში – 1125; ბელგიაში თავშესაფარი 345-მა მოქალაქემ მოითხოვა; ირლანდიაში კი 315-მა. ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლებას საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს დადებითი ტენდენცია, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების შედეგია. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა უვიზო მიმოსვლისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button