მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით

ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

მისივე თქმით, საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას.

იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება საზოგადოებას აძლევს პირობას, რომ „ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება“.

ამასთან, მისივე განცხადებით, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არც ერთი ევროთი მეტი.
„როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს – 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება. იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში. რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო. საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი. ამის მიუხედავად, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც მათ ხელისუფლების გადატრიალების ყველა წინა მცდელობა ჩაეშალათ. საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს. ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა არ შეგვიძლია, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების ნაწილში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში – გამომდინარე აქედან, ყველაფერს უნდა ველოდოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად უნდა ვიყოთ! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი სჭირდება და ხელისუფლება დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში ძალისხმევას აგრძელებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სწორედ ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც საქართველოს სჭირდება.

აქვე მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიისთვის გამკლავება უწევს.
სამარცხვინო გადაბრალების მრავალწლიანი პროცესი კიდევ უფრო აღვირახსნილ ფორმას იღებს და მთავრდება ლოზუნგით – ოპოზიციას არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ე.ი. უნდა ომი და მეორე ფრონტი – რომელმა სულელმა დაუწერა მათ ეს ლოზუნგი?! – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ოპოზიციამ ხალხთან ერთად ფაქტობრივად აიძულა ხელისუფლება, რომ ევროკავშირში განაცხადი შეეტანა, ხოლო თუ ვინმე სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს ან პირიქით აფუჭებს, ეს მხოლოდ ხელისუფლებაა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო იმსახურებს წევრობას, მიუხედავად იმისა, ის ჩამორჩება მოლდოვას დემოკრატიის ხარისხით და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

„ჩვენ თუ ნაბიჯი არ გადავდგით, თავისთავად არაფერი ჩამოვარდება ციდან. ირაკლი კობახიძე ისევ თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მოსამართლეებს აშანტაჟებენ. ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება რომ მოხდეს, არც ირაკლი კობახიძეს, არც ირაკლი ღარიბაშვილს, მით უმეტეს, არც ბიძინა ივანიშვილს არავინ აპატიებს, არც საქართველოს საზოგადოება და არც ჩვენი მომავალი თაობები აპატიებენ. უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button