მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ახალი პრემიერი ჰყავს- “ქართულმა ოცნებამ” მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

84 ხმით, 10-ის წინააღმდეგი – პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, მინისტრთა-კაბინეტს მხარი დაუჭირეს „ევროპელმა სოციალისტებმა”.
ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105-მა წევრმა.
კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ პარლამენტის წინაშე წარადგინა 10-თვიანი გეგმა, რომელშიც საუბარია დაწყებული ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე. როგორც კობახიძემ განმარტა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის საფუძველზე, წარმოადგენენ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, რომელშიც ასახული იქნება სამთავრობო ინიციატივები.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი, იცვლება და მას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყო და დღეს პლენარულ სხდომაზე დასრულდა.
მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. ის :ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა. მისი გადადგომის შემდეგ კი, იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პოსტს კობახიძე დაიკავებდა.კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button