ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

“კონსტიტუციის გადასინჯვა მართებულ გზაზეა, თუმცა საჭიროა ცვლილებები პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად,” – ვენეციის კომისია პლენარული სესიის შემდეგ პირველ განცხადებას აქვეყნებს.

ევროპელი ექსპერტები აქცენტს საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე ამახვილებენ. ევროპის საბჭოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ პარლამენტის ყველა წევრის სრულად პროპორციული სისტემით არჩევა მისასალმებელი ცვლილებაა, თუმცა ამ ეტაპზე ნაწილობრივ შეზღუდულია სამი მექანიზმით – 5%-იანი ბარიერის წესი საპარლამენტო არჩევნებზე, 5%-იანი ბარიერის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო ბლოკების გაუქმება.

“მიუხედავად იმისა, რომ 5%-იანი ბარიერი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ერთად აღებული, ეს ამცირებს პატარა პარტიების პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას. სესიაზე ვენეციის კომისია ინფორმირებული იყო, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს გაუნაწილებელი ხმების მექანიზმის შეცვლას და რომ ვენეციის კომისიის სხვა რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება,“ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის  ვენეციის კომისიის შენიშვნების დიდი ნაწილი  მისაღებია. მათი თქმით, ყველაზე პრობლემური საკითხები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, ბონუსების სისტემა და მისი ამუშავებაა. მმართველი გუნდი ამ ცვლილებებზე დამატებით მუშაობას გეგმავს. 

 ოპოზიციის ნაწილი კი საარჩევნოსთან ერთად, კვლავ სასამართლო სისტემისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცვლილებებს იწუნებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიაზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა და მათი გამოყენებით რიგი ცვლილებები საკუთარ თავზე მოირგო. 

ვენეციის კომისიის დასკვნის სრული ვერსია 19 ივნისს გამოქვეყნდება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button