საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები მიუნხენში ერთმანეთს მიესალმნენ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოსა და კადრებს ზურაბიშვილი Facebook გვერდზე ავრცელებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრაა.
სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე მსჯელობენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.
საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. კონფერენციაზე საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, კობახიძე პირველ ვიზიტს ბრიუსელში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 60-ე კონფერენცია იმართება. მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობს. პრემიერი ირაკლი კობახიძე მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ გაიმართა.
ანდრეი კასიანოვი, რომელიც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილის აუდიენციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ბოლოსდაბოლოს ეს შეხვედრა შედგა.
“მნიშვნელოვანი და დროული შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ეს შედგა!
მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ურთულეს დროს.
ვაფასებთ და მადლობას ვუხდით ქართველ მოხალისეებს და თანამებრძოლებს, მუდამ გვერდში დგომისთვის! ჩვენთვის თქვენ ნამდვილი გმირები ხართ!
აუცილებლად ერთად დავიბრუნოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებს
ძალა ყოველთვის ერთობაშია!
ერთად გამარჯვებისთვის ჩვენს საერთო მტერზე – ფაშისტურ რუსეთზე!” წერს კასიანოვი.
18 თებერვალს ზურაბიშვილი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.