საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე დასასწრებად მიემგზავრება

საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე დასასწრებად მიემგზავრება. სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” და “ძლიერი საქართველო” მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
“სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს,” – ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატებში დაგეგმილ მონაწილეობაზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციას სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფსაც შეხვდება.
“გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს.
ჩვენ მოველით, როდესაც მოლოდინებზეა საუბარი, ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში არის ლეგიტიმურად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი.
საქართველოში შედგა არჩევნები, ეს დაადასტურა ეუთო/ოდირმაც და თუკი განხილვა შედგება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს წარვადგენთ დეტალურად”, – აცხადებს თეა წულუკიანი.
პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ისაუბრებენ იმ დარღვევებზე, რომელიც არჩევნებზე იყო.
“შევხვდებით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, საპარლამენტო ჯგუფებს. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ოჯახის წევრები ვართ, EPP-ის, და ცხადია, მათ შორის სხვა ოპოზიციურ წარმომადგენლებს, სხვა ევროპის პოლიტიკური ოჯახების წევრებს, გვექნება საერთო კოორდინაცია. ჩვენ ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც არჩევნებზე, ასევე – რუსთაველის გამზირზე. გვექნება კონკრეტული ფაქტები წარდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაქცია”, – აცხადებს ლაშა ფარულავა.
განცხადება გააკეთა “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრმა, ლანა გალდავამ.
“აუცილებელია, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა იგრძნონ პერსონალური პასუხისმგებლობა – სწორედაც იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში გადარჩეს დემოკრატია და აუცილებელია გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა ქართული ოცნების მისამართით. ეს ყველაფერი ხდება საქართველოს სამომავლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას არ მოესპოს ევროპული მომავალი”, – აცხადებს ლანა გალდავა.
სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ისე ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლებთან, „რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ევროპელი მეგობრებისთვის კვლავ პრიორიტეტია და დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას არ შეეგუებიან“.
„ქართული ოპოზიციის ლიდერები მიწვეულები არიან სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე, PACE-ს ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. შეხვედრები იქნება დიდ ფორმატში – საპარლამენტო ასამბლეის გენერალური შეხვედრის ფორმატში, ასევე ცალკეული ქვეყნის დელეგაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტულია და არ შეეგუებიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ასევე სერგო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები, ვერ ისარგებლებენ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად და მათ გარკვეული სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ – ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში იქნა მიღებული. ახლა მიმდინარეობს პრაქტიკული და ტექნიკური აღსრულება, სავარაუდოდ თებერვალში შევა ძალაში, თუმცა ასევე ვნახეთ ინდივიდუალური ქვეყნების გადაწყვეტილება კონკრეტული პირების მიმართ, რომ ვეღარ შევლენ მაგალითად, გერმანიაში, ბალტიისპირეთში და ამ ქვეყნების სიაც გაფართოვდება“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” და “ძლიერი საქართველო” მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.