მნიშვნელოვანისიახლეები

,,საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა დღეს, სანამ იგი ღია კრიზისად არ იქცევა,,-პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტრამპს ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ კონსერვატიულ ტელეარხ Fox News-სთან ინტერვიუში ამბობს, რაზე ესაუბრა მოკლე შეხვედრებისას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 7 დეკემბერს პარიზში და მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს 18 იანვარს ვაშინგტონში.

„ზუსტად ეს ვუთხარი, – რომ საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა დღეს, სანამ იგი ღია კრიზისად არ იქცევა. 53 დღეა ხალხი ქუჩაში აპროტესტებს იმას, რომ მთავრობა – რომელსაც ამის მანდატი არ გააჩნია, – ცდილობს საქართველო ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანოს. და აქ გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ტელეწამყვანის კითხვაზე, რაზე ესაუბრა ტრამპს პარიზში, 7 დეკემბერს, ემანუელ მაკრონთან ერთად ხანმოკლე შეხვედრისას.

„არჩეულმა პრეზიდენტმა – ხვალ უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა – მითხრა, რომ ნამყოფია საქართველოში, რომ აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და მე ვარ დარწმუნებული, რომ ის იქნება ძლიერი მოკავშირე საქართველოსათვის იმ დროს, როცა საქართველოს ეს სჭირდება“, – თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას სთხოვდა ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადასცეს, ზურაბიშვილმა უპასუხა: “თავი დაანებე საქართველოს, თავი დაანებე კავკასიას”.

“ვინაიდან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესებშია. არ შეიძლება, რომ ეს კვლავ რუსეთის მიერ დომინირებული რეგიონი გახდეს. ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც თავისით არსებობს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი და ის იყო ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებები ყოველთვის სათანადო დონეზე იყო. და ეს არის ქვეყანა, რომლის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას სურს იყოს ღირებულებების საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ევროპა და შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ასე რომ, თავი დაანებე საქართველოს…

იმედი მაქვს, რომ ამერიკა არ დაუკავშირდება იმ რეჟიმებს, რომლებიც თავის ხალხს არ წარმოადგენენ. ამაში უნდა იყოს ამერიკული ინტერესები და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ამერიკისა და ქართველი ხალხის საერთო ინტერესები დავიცვათ. მაგრამ ხალხი არასდროს არ უნდა იყოს გაწირული რეჟიმებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ…

მოკლე შეხვედრა მქონდა [სახელმწიფო] მდივან რუბიოსთან, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, ასე რომ მისგან პირობის მიღებას ვცდილობდი, რომ შეხვედრას შევძლებდით იმ რამდენიმე დღეში, რაც ვაშინგტონში უნდა გავატარო. მას და გაერო-ში აშშ-ის ელჩს, რომელსაც ასევე შევხვდი, ორივეს ვუთხარი, რომ იმედი მაქვს საქართველო მათი არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ მათი ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება გახდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება მარკო რუბიოსთან საუბარს, – მან თქვა: „მოკლე შეხვედრა მქონდა სახელმწიფო მდივან რუბიოსთან, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის თანამდებობაზე, ასე რომ, ვცდილობდი, რომ შემეპირებინა, რომ იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ აქ ვარ, მოახერხოს შეხვედრა. მან და გაეროში აშშ-ის ელჩმაც, რომელსაც ასევე შევხვდი. მათ ვუთხარი, რომ იმედი მაქვს, საქართველო არ გახდება მათი ერთ-ერთი პრობლემა და გახდება მათი ერთ-ერთი გადაწყვეტა“.

18 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა და ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ვაშინგტონიდან გაავრცელეს ფოტოები აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან და არჩეული პრეზიდენტის ვაჟთან, დონალდ ტრამპ უმცროსთან ერთად. სალომე ზურაბიშვილის თანახმად, ეს შეხვედრები შედგა დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით გამართულ წინასაინაუგურაციო წვეულებაზე. ფოტოებს ღონისძიებიდან ისიც ავრცელებს.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე ზურაბიშვილმა Fox News-ზე თქვა: „ეს არ ყოფილა შესაფერისი შეხვედრები, ეს იყო წინასაინაუგურაციო მიღებაზე შეხვედრები, რათა, უბრალოდ, საქართველოზე დამეფიქრებინა და პირველი კონტაქტები დამემყარებინა, რადგან ხვალ საქართველო ამერიკისთვის შეიძლება გახდეს ან დიდი წარმატების მაგალითი, ან დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში, რომელზე დომინირებაც მუდამ სურდა რუსეთს“. „რუსეთი ცდილობს ახალი სტრატეგიის შექმნას საქართველოსთან, ასევე, რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვებთან – მათი მიმხრობა სცადოს გაყალბებული არჩევნებით, მარიონეტული რეჟიმების ხელდასხმით… ეს მომავალი ადმინისტრაციის კითხვის ნიშანი იქნება“, – თქვა მან.

მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველო ამერიკის 30-წლიან ურთიერთობებზე:

„30 წელი, საქართველო აშშ-ის დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია, რადგან ის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს, – სავაჭრო გზებს ცენტრალური აზიისკენ; ქვეყანა არის დემოკრატიისა და გაზიარებული ღირებულებების საყრდენი. საქართველო, სომხეთთან ერთად – ჩვენც ვამბობთ, რომ უძველესნი ვართ, ისინიც ამბობენ, რომ უძველესნი არიან, მაგრამ – ვართ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოები. და ეს ჩვენ გზას გვიკაფავს. და ჩვენ დემოკრატიის საყრდენები ვართ. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით“, – თქვა მან.

კითხვაზე, თუ რა უნდა იცოდეს ამერიკელმა მოსახლეობამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან ალიანსის შესახებ, მან განაცხადა:

ეს ნიშნავს აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესის დაკარგვას ამ ცენტრალურ რეგიონში. საუბარი არ არის მხოლოდ კავკასიაზე, ეს არის შავი ზღვაც. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მიზანიც შავი ზღვაა, არჩევნების გაყალბების მცდელობა რუმინეთსა და მოლდოვაში მიუთითებს რუსეთის ინტერესზე შავი ზღვის მიმართ. ეს არის ძალიან სტრატეგიული ზღვა ჩვენი ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი პორტები შავ ზღვაზე, რომელიც შესაძლოა ჩინეთს გადასცენ – ეს არის კიდეც ამ დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებში. ასე რომ, ეს არის რეგიონში აშშ-ის მთავარი ინტერესები, – ევროპულ ინტერესებთან ერთად, – რაც საფრთხეშია“.

კითხვაზე, რას ურჩევდა დონალდ ტრამპს, უთხრას ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„ხელები შორს საქართველოსგან! ხელები შორს კავკასიისგან! იმიტომ, რომ ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესია და რუსეთი აქ ისევ და ისევ ვერ იქნება დომინანტის როლში; ეს არის რეგიონი, რომელიც არსებობს თავისთავად, რომელიც აქ იყო საუკუნეების განმავლობაში, არის ცივილიზაცია, ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებებია გაზიარებული, საზოგადოება არის სიცოცხლით სავსე და სურს, იყოს ევროპისა და აშშ-ს მიერ გაზიარებული ღირებულებების საზოგადოების ნაწილი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button