მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა ლიეტუვამაც შეუჩერა და ოცნების კრიტიკაც დაიმსახურა

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა ევროკავშირის წევრმა ლიეტუვამაც.

სააგენტო Delfi-ს ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო. ამ დადგენილებით აღსრულდა ევროკავშირის საბჭოს მიერ 2025 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.

ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.

მაისის დასაწყისში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ბალტიის კიდევ ერთმა სახელმწიფომ, ევროკავშირის წევრმა ესტონეთმა. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ყველა წევრი ქვეყანა აღასრულებს.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.

ევროკავშირის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.

საქართველოს ისტორიულ მოკავშირეებს, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსებს “ქართული ოცნება”, სხვადასხვა დროს, ანტიქართულ ნაბიჯებში, მტრობასა და საქართველოს ომში ჩართვის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

გადაწყვეტილებას, ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და დაწერა, რომ “ეს გადაწყვეტილებები არის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების, უხეში და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე, დარღვევა” და “მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს”.„ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2010 წლის ამ ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მიენიჭა, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიდევ 7 წელი უვიზო რეჟიმი არ გვქონდა. მხოლოდ 2017 წელს, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მე არ ვთვლი, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება პრინციპულ მოსაზრებებზეა დაფუძნებული, რომელიც არჩევნებს, ადამიანის უფლებების დაცვას ან სხვა ნებისმიერ საკითხს ეხება – ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად არის განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ჩამოყალიბდა ხელისუფლების შესაცვლელად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს“.

„მე არ ვთვლი, რომ ლიეტუვას გადაწყვეტილება დაფუძნებულია პრინციპულ მოსაზრებებზე, რომელიც არჩევნებს ადამიანის უფლებების დაცვას ან სხვა ნებისმიერ საკითხს ეხება, რაც დეკლარირებულია, ვინაიდან ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა მაშინ არ გახსენებიათ, როცა ადამიანებს წამებით კლავდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად არის განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ჩამოყალიბდა ხელისუფლების შესაცვლელად. მათი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლაც და ახალგაზრდებისადმი სისხლის ღვრისკენ მოწოდებაც სწორედ ამით იყო განპირობებული. რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური კონიუქტურა. ერთი მხრივ, გასაგებია, თუმცა მეორე მხრივ, მისი უსამართლობა და მისი ბნელი, კონსპირაციული მხარეც უნდა აღინიშნოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროკავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ლიდერებს და მათი პოლიტიკის მხარდამჭერებს სანქციები დაუწესეს ანტიდემოკრატიული კანონების, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონის და ლგბტქ თემის უფლებების შემზღუდავი კანონის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო. სანქციები აამოქმედა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყების საკითხს.

„ქართულ ოცნებას“ ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ, რასაც მმართველი პარტია უარყოფს, მუდმივად საუბრობს „დიპ სტეიტის“ გავლენებზე და ირწმუნება, რომ მისი პოლიტიკა სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისია და მას სანქციები ვერ შეცვლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button