საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ძიუდოისტებს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა.
„სპორტი არის სწორედ ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ავწიოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და შევასრულოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპორტში გვაქვს განსაკუთრებული წარმატებები. პირველად შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ერთდროულად გავხდით როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონები. დღეს ერთდროულად ვატარებთ ორივე ტიტულს და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. გვაქვს კონკრეტული გეგმები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ხელს შეუწყობს როგორც მასობრივი სპორტის, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას. მულტიფუნქციური ცენტრების განვითარების საბოლოო გეგმაში ძიუდოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოს ნაკრების წევრებს კიდევ ერთხელ მიულოცა და გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსურს, ეს უდიდესი წარმატება მოგილოცოთ. ვიცით, რომ არ იყო იოლი, წარმოუდგენელი შეიძლება, ეჩვენებოდა ვინმეს, მაგრამ ვისაც სჯერა ქართული ძიუდოსი, ქართული სპორტის, ჩვენ ყველა ველოდებოდით, რომ ეს დღე დადგებოდა, საქართველო გახდებოდა გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ეს უდიდესი წარმატებაა. ეს იყო შრომის, მიზანმიმართული თავდადების და ერთიანობის შედეგი. აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას თვითონ გარემოს, სახელმწიფოს დამოკიდებულებას, რადგან რომ არა სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება სპორტის მიმართ, ასეთი წარმატებაც ვერ მოვიდოდა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ქართველ ძიუდოისტებს ისტორიული სპორტული მიღწევებისთვის გადაეცათ.
საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.
ისტორიული სპორტული მიღწევისთვის ღირსების ორდენი ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი ათაბეგაშვილსა და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების 9 წევრს-გიორგი სარდალაშვილს ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახაბერ მოცრაძეს, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ექიმებს – ავთანდილ თელიას და გიორგი მგელაძეს.
ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ეროვნული ნაკრების ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი.