მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა

“ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პროცენტით შესრულდა.

“საქართველოს ეკონომიკა მარტში 9 პროცენტით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3 პროცენტით გაიზარდა

მხოლოდ ფაქტები რეალობისა და მითების განსასხვავებლად:

მითი:

საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია, უარყოფითი ეკონომიკური ზრდა – 3.4 პროცენტი იქნება

რეალობა:

საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა (I კვარტალი)
IMF, WB, EBRD, ADB – საქართველოს ეკონომიკის ზრდას 5.5-6 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებენ

მითი

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაფიქსირდება – 1 აშშ დოლარი = 3.1 ლარს

რეალობა

1 აშშ დოლარი = 2.75 ლარს

მითი

სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი 1.3 – 1.6 მილიარდი დოლარი იქნება

რეალობა

სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1 პროცენტით შესრულდა (I კვარტალი)“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.

2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო, კერძოდ, მარტის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ ცხრა პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებს თუ შევხედავთ, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3 პროცენტს გაუტოლდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გეოპოლიტიკური და რეგიონული შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებს. ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა დარგებზე, რომლებმაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ესენია: ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტის, დასაწყობებისა და მშენებლობის სექტორები.

„მაკროჭრილში თუ შევხედავთ, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, მარტში ექსპორტი 8,2 პროცენტით გაიზარდა და ექსპორტის მოცულობამ 565.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

„ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა – საშუალოდ 5.2 პროცენტი

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტით განისაზღვრა – მონაცემებს “საქსტატი” აქვეყნებს.

2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.” ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button