მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ელჩსა და კონსულს დღემდე კიევი არ დაუტოვებიათ-პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში მეორე იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ამასთან, უკრაინაში საქართველოს ელჩსა და კონსულს დღემდე კიევი არ დაუტოვებიათ. ამის შესახებ პაპუაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ თანადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.

„რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების თანადგომას უკრაინის მიმართ – იცით, რომ გუშინ შევხვდი უკრაინის ელჩს საქართველოში და მან კიდევ ერთხელ გადმოგვცა უკრაინის ხელისუფლების მადლობა თანადგომისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს უკრაინის მიმართ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რომელსაც სხვათა შორის ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა; საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს – გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატს, რათა მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ. მათ შორის იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც ევრონესტი მხარს უჭერს უკრაინას; საქართველოს ელჩი უკრაინაში და საქართველოს კონსული დღემდე კიევში იმყოფებიან და უკრაინის ხელისუფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, პირდაპირ კავშირზე არიან. ხაზს ვუსვამ – დღემდე ჩვენს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე და სიმტკიცე.

“დღევანდელ მდგომარეობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს რეგიონშია, იმ ომის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ვერ აიცილა მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინაში, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი, მშვიდი, მტკიცე იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს დავეხმაროთ, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ, რეგიონში მოხდეს ისეთი ცვლილებები, რამაც შეიძლება კატასტროფული გავლენა მოახდინოს ზოგადად რეგიონზე,”-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტის საგანგებო სხდომას არ დაესწრება და აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ სურვილი, უკრაინის თემა შიდა პოლიტიკურ ამბად აქციონ, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს.

“ბოლო დღეებში ჩვენ ვართ იმის მოწმე, რომ ოპოზიციის ნაწილი, სამწუხაროდ, ცდილობს უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად. ჩვენ გვესმის დეზინფორმაციის მთელი ტალღა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რომელიც მოდის ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით. მათ შორის, მათი პოზიცია ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ცდილობენ ამ საკითხის გამოყენებას შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. სწორედ ესაა არსი ქართული ოცნების განცხადების, რომ ჩვენ არ მ,მივცეთ ამის საშუალება, სწორედ ეს იქნება არასოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ უკრაინის თემა შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იქნას გამოყენებული,”– აცხადებს პაპუაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button