საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის სახლთან, სადაც ეროვნული ბანკის ოფისიც მდებარეობს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისები და მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი აპროტესტებენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, დაიცვას აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის აქტივები რაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს უფლებას აძლევს, წვდომა ჰქონდეს მის საბანკო ანგარიშებზე.
ამ აქციას შეუერთდნენ ისინიც, ვინც ცოტა ხნით ადრე ეროვნული ბანკის ოფისთან შეიკრიბნენ იმავე მოტივით.
„ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირების მთავარი პრეტენდენტი და ხვალ თუ მას დაასანქცირებენ, ამ ბრძანების საფუძველზე მათ დატოვეს შავი ხვრელი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მის თანხებს გამოაძრობს“, – ამბობს აქციის ორგანიზატორი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდრომარე ლევან ხაბეიშვილი.
„პროცესი ძალიან ცხელია. მოთხოვნები ჩამოყალიბდება ყველას თანამშრომლობით. მთავარი მოთხოვნა არის რუსული ჯაშუშური ქსელისგან საქართველოს გაწმენდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.
აქცია თავდაპირველად ნიკა მელიას ინიციატივით დაანონსდა, თუმცა მას სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტებიც შეუერთდნენ.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს.
„ეს არის ღირსეული საქმე. ნათლად გამოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის, [ნათია] თურნავას, გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოვიდა კომერციული ბანკების პოზიციასთან“, – თქვა ხაზარაძემ და თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.
აქციაზე, მათ შორის, ჟღერდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე, საუბრობენ საქართველოს „რუსული ჯაშუშური ქსელისგან“ გაწმენდის საჭიროებაზე.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა “თანამოაზრე” ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს “სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში”. ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს “ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ”. დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, “აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება” შეეზღუდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის “მოქალაქეობის დაკარგვასთან” დაკავშირებით დაწყებული წარმოების შედეგად მიღებული დასკვნა გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი – მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.