მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია-ანგარიში საქართველოს შესახებ

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტი წარადგინა, რომელშიც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მმართველმა გუნდმა ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი და კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირის რეკომენდაციებს. ანგარიშში ასევე საუბარია მასობრივ საპროტესტო ტალღაზე, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან გრძელდება.

ევროკავშირის კანდიდატი, რომელიც გზას სცდება

2023 წელს მიღებული კანდიდატის სტატუსის შემდეგ, ევროკომისიის მხრიდან გაწერილი 9 ძირითადი რეკომენდაციის ფონზე, საქართველოს პროგრესი მინიმალურია. უფრო მეტიც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების დარღვევით შეფასდა, ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა.

2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ დაიწყებს და ასევე უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში მასობრივი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება.

ბრიუსელი ივანიშვილზე პერსონალურ სანქციებს ითხოვს

დოკუმენტი ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაში. დოკუმენტში წერია, რომ ივანიშვილმა „ფაქტობრივად მიტაცა ძალაუფლება“ და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს. კომიტეტი ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ მიზნობრივი სანქციები ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ, რაც მოიცავს აქტივების გაყინვასაც.

საქართველო — ერთპარტიული მმართველობის ქვეშ

ანგარიშში ასევე მკაცრად არის შეფასებული საქართველოს საპარლამენტო სისტემა: ევროკავშირი არ აღიარებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდა, რაც ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპებს. დოკუმენტი არ ცნობს ახალ პრეზიდენტს და საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად კვლავ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებს.

საზოგადოების მიმართ ძალადობა და მედიის დათრგუნვა

ანგარიში გმობს მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. დოკუმენტში მკაცრად აკრიტიკებენ უცხოური გავლენის შესახებ კანონს და ითხოვენ მისი გაუქმებას. პარალელურად, მოუწოდებს ევროკომისიას, გაზარდოს დაფინანსება არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, USAID-ის საქმიანობის შეჩერების ფონზე.

კოორდინირებული სანქციები და სავიზო შეზღუდვები

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისასალმებელია რიგი წევრი ქვეყნების — გერმანიის, ბალტიის ქვეყნების და ჩეხეთის — მიერ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს მმართველი ელიტის წარმომადგენელთა მიმართ. ასევე აღნიშნულია ევროკავშირის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია საქართველოს დიპლომატებისთვის. განხილვის ქვეშ დგას სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაც, იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიული კრიტერიუმები არ იქნება დაცული.

რუსეთთან დაახლოება და საგარეო პოლიტიკის აცდენა

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან თანამშრომობისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან შორს ყოფნის გამო. აღნიშნულია, რომ საქართველომ არ გაიმეორა სანქციები რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ. 2024 წელს ევროკავშირმა სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა.

ახალი არჩევნები — კრიზისიდან გამოსვლის გზა

დოკუმენტი ხაზგასმით მოითხოვს საქართველოში ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, საერთაშორისო ზედამხედველობით და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციით. მხოლოდ ამ გზით მიიჩნევს ბრიუსელი შესაძლებლად ქვეყანაში პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დაძლევას.

მსგავსი პოსტები

Back to top button