მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება-თალაკვაძე

საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ჩვენ ველოდებით უახლოეს მომავალში, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის ახალ შესწორებებს.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში საქართველოს მიმართ, ორმხრივი მხარდაჭერაა გამოხატული.

” ეს არის ის,რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროპაში ვიზიტების დროს. რაც შეეხება. პოლიტიკურ რეზოლუციებს და ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, მათ შეფასებებს, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ვერავინ შეაჩერებს, საქართველოს წინსვლას ევროპისკენ. ეს უკვე დაადასტურა ევროპის საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით და ეს არ შეიცვლება. ჩვენ ველოდებით, უახლოეს მომავალში, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ხელისუფლება , საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდება და გახდა კიდეც სპეკულაციის საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბიძინა ივანიშვილის უკან. ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო ლიდერობითაც, საქართველოში მოქალაქეს დაუბრუნდა სახელმწიფო. რეალურ დემოკრატიას, მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანს, მათ პრობლემებზე საუბარს, აქვს აზრი. როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, დამართლადამცავი სტრუქტურები ემსახურებიან მოქალაქეს, როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი. ეს არის რეალური საქმე, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაკეთდა საქართველოში. ამის გარდა, არის დიდი საქველმოქმედო პროექტები განათლების, სპორტის, კულტურის სფეროში, რასაც საზოგადოება აფასებს. დღეს ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების უღირს ბრალდებებს, არცკი პასუხობს, არ თვლის ღირსად, ვინაიდან ის გავიდა პოლიტიკიდან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავტოვებთ უპასუხოდ, თავდასხმებს და უსამართლო განცხადებებს”- განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცებსაც შეეხო და თქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები მიიღო საკუთარ პარტიაში.

” მათ სურდათ რიგგარეშე არჩევნები და ეს არჩევნები მიიღეს საკუთარ პარტიაში. ჩვენ ახლა ვხედავთ საბოტაჟს ნიკა მელიას წინააღმდეგ, თავის დროზე თავად მელია საბოტაჟს აწარმოებდა სახელმწიფოს და პარლამენტის წინააღმდეგ. ასე, რომ რასაც დათესავთ, იმას მოიმკით. რაც მათ სურდათ საქართველოსთვის და თავისი ხალხისთვის, მიიღეს საკუთარ პარტიაში. ამის კოსმეტიკური დანუშავება და გადალამაზება, რომ ეს არის უფრო მეტი გახსნილობა, თუ უფრო მეტი დაშლა, ამის მცდელობები ექნებათ მათ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობა, კარგავს სტატუსს, რის ამბიცია მათ ჰქონდათ. ის აღარ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ის არ არის არც მომავლის პარტია, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები და იმედი მაქვს, რომ 2024 წელს, მოქალაქეები ამას გამოიყენებენ როგორც შანსს, ვგულისხმობ ოპოზიციურ ელექტორატს და აირჩევენ, არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც ორიენტირი ექნება ქვეყნის ინტერესებზე”.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული შესწორებები, გასულ კვირას მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button