მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დანიშნა. ამ დრომდე, ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ღარიბაშვილის თქმით, ამილახვარს “ღირსეული განათლება აქვს მიღებული და წარმატებული მუშაობის გამოცდილება აქვს”.

ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი შეცვალა, რომელიც მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

„დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მანამდე, მინდა, გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა, აღვნიშნო, რომ მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო. ოთხი წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ქვეყანას, ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ იგი დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას. ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. მინდა, ჩვენი გუნდის, მთავრობის, ჩემი სახელით მადლობა გადავუხადო მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ გიორგი ამილახვარი წარმატებული მინისტრი იქნება.

„გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული. იგი სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ – გერმანიაში. გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ამილახვარს აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება. იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდამ, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი. სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შექმნელი გახლავთ ბატონი გიორგი. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ დღემდე გიორგი ამილახვარი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. გიორგი ამილახვარი წლებია, ჩართულია განათლების სფეროში. ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მჯერა, დარწმუნებული ვარ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი გვისაუბრია განათლების საკითხებზე. მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და, ვფიქრობ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული მინისტრი. ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა, ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს გამოქვეყნებული აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე. პარალელურად, მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზეც. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება გიორგი ამილახვარს და მადლობა ვუთხრა ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

2018-2019 ამილახვარი იკავებდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას; 2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2008-2010 წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის, „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი; 2007-2008 მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

გიორგი ამილახვარს განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით აქვს მიღებული. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ქართული ოცნების უკვე ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე შეცვალა. ამილახვარი 1984 წელს მოსკოვშია დაბადებული. მან 2006 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის მიმართულება.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო, ამილახვარს 2006 წელს 145,73 კვ.მ მანსარდა, 132,79 კვ.მ ბინა და 31,9 კვ,მ სარდაფი აჩუქეს.

მან 2018 წელს შეიძინა 3 000 დოლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი, ასევე, 5 000 დოლარის ღირებულების ჰოლი (დამხმარე ფართი), რომლის 25%-იანი წილის მფლობელია. ის არის, ასევე, 2 314 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთის მფლობელი, რომელიც 2021 წელს 798 000 ლარად იყიდა. გარდა ამისა, ყოფილი დეპუტატის ცოლი, ნინო წერეთელი ფლობს 500 000 ლარის ღირებულების ბინას თბილისში, 10 000 ლარად შეძენილ დამხმარე ფართს და 15 000-ლარიან ორ ავტოფარეხს.

დეკლარაციის თანახმად, ამილახვარი ფლობს 76 000 ევროს ღირებულების ავტომანქანას, ასევე, 25 000 ლარისა და 9 700 ევროს ღირებულების საათებს. 2017 წელს მან 28 000 ლარად შეიძინა 2 ნახატი. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, ამილახვარი არის კომპანიების, ნიმი 1-ის და ნიმი 2-ის 100%-იანი წილების მფლობელი. ამასთან, ამილახვარმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გასულ წელს შემოსავლის სახით 53 501 ლარი მიიღო.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ახალი მინისტრის ცოლმა გასულ წელს შვილების განათლებაში 25 000 ლარი, ასევე, 5 900 დოლარი, ხოლო სახლის მშენებლობაში 350 000 ლარი დახარჯა. გიორგი ამილახვარის მოგზაურობის ხარჯებმა 25 000 ლარი შეადგინა, ნინო წერეთლის ხარჯებმა – 30 000 ლარი. დეკლარაციის თანახმად, ყოფილი დეპუტატის ცოლმა ტანსაცმელში 40 000 ლარი დახარჯა.

გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ახსოვს ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ გაკეთებული განცხადებით. 13 ოქტომბერს, ვიდრე დენის დარტყმის შედეგად ბავშვის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდებოდა, ამილახვარმა განაცხადა, რომ “არასრულწლოვანს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, ამაზე პასუხისმგებლობას ვის სთხოვ?”. მოგვიანებით, მან გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, განათლების ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება.

“ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა. მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანამდებობა მან საკუთარი სურვილით დატოვა. ღარიბაშვილმა უკვე წარადგინა მისი შემცვლელი, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button