მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შექმნას ძლიერი საქართველო ევროპული ოჯახის ქვეყანა-დარჩიაშვილი

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შექმნას ძლიერი საქართველო, ევროპული ოჯახის ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ქართველი ემიგრანტები ქართული საზოგადოების ყველაზე ღირსეული ნაწილია.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო უმაღლესი ტრიბუნით და როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, განსაკუთრებული პატივისცემა, სითბო გამოვხატო ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დროებით ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ხელისუფლების ხედვაა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი არიან.

თუ არ ვცდები, უახლოეს ორ თვეში მექნება შესაძლებლობა, „მინისტრის საათის“ ფორმატში გეწვიოთ პარლამენტში და მეტი ვისაუბროთ, რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დასაცავად, მათი ყოფის შესამსუბუქებლად. რას აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას შესაძლებლობები ამ ქვეყანაში, რათა ისინი დაბრუნდნენ. ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათთან ერთად შევქმნათ ძლიერი საქართველო, ძლიერი ევროპული ოჯახის ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ხედვა.

მიუხედავად ბევრი ტყუილისა, რომელიც მოვისმინეთ ოპონენტების მხრიდან, დღევანდელი დღე მაინც ინფორმატიული იყო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა, ვთხოვო მათ, მაქსიმალურად შეეცადონ საკონსულო აღრიცხვას. ეს თუ ვერ მოხერხდა, გაწერილია შესაბამისი პროცედურები. მათ რეგისტრაცია შეუძლიათ არჩევნებამდე 19 დღით ადრე, რათა გამოხატონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და უმნიშვნელოვანეს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის აუცილებელი პროცედურა, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თავისი კონსტიტუციური უფლება გამოხატოს. თითოეული ქართველი დიპლომატი მზად არის და მოწოდებულია, ძალიან ახლოს, მჭიდროდ იმუშაოს თქვენთან, მოგაწოდოთ ინფორმაცია, ხელი შეგიწყოთ. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვა არ უკავშირდება მხოლოდ საარჩევნო უფლებას. ეს არის ჩვენთვის ინფორმაცია, რათა უზრუნველვყოთ თქვენი დაცვა და ყველა საჭირო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება თუ სერვისების მოწოდება, რომელიც გჭირდებათ ადგილზე, ჩვენი ქვეყნისგან მოშორებით“, – მიმართა დარჩიაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „საკონსულო დაწესებულების გახსნა კომპლექსური საკითხია, არსებობს საერთაშორისოდ დამკვიდრებული წესები და რეგულაციები, რომელთა ფარგლებშიც ხდება ამ პროცესის წარმართვა“.
მისივე თქმით, საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვ. როგორც წესი, დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებული წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს.

ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნის პრაქტიკაზეც.

„საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და პროცედურას, საკონსულო დაწესებულების სახეობას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და ორგანიზაციულ მოწყობას განსაზღვრავს ვენის კონვენცია ,,საკონსულო ურთიერთობების შესახებ“. აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო არა იმ დასახელებულ პუნქტში, სადაც თვითონ არის განლაგებული. აღნიშნული რეგულაცია დაკონკრეტებულია „საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესითა და ტიპობრივი დებულებით“, – განმარტა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო უბნების შექმნის საკითხზე. მისი თქმით, საარჩევნო უბნის შექმნა განეკუთვნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას.

„საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შეყვანა ხდება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

“დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის, საგარეო უწყების ჩართულობით
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთოს შესაბამის ერთეულთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით; აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის კოორდინირება, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზაციას.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებით დამტკიცებული ,”საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის” თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას. შესაბამისად, მინისტრის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას.

“საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ გვქონია, მათ შორის, გლობალური პანდემიის დროს,”-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისათვის საგარეო უწყება მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის საშუალებით. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი და, შესაბამისად, მომსახურება უფასოა.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები/საკონსულო დაწესებულებები მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. დიასპორის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რეგულარული ხასიათი აქვს თანამემამულეებთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. საკუთრივ ჩვენს საკონსულო დაწესებულებებს უწევთ ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებებისა და სხვადასხვა საკონსულო სერვისის შესახებ. საკონსულო თანამდებობის პირები მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს, ეს ემსახურება მათ საჭიროებებზე რეაგირებასა და უფლებების დაცვას. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, სამწუხაროდ, კვლავ დაბალია,”- აღნიშნა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა დამატებით განმარტა, რომ უშუალოდ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საჭიროებასთან დაკავშირებით, წინა არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

ამასთან, მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოვა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პორტალი geoconsul.gov.ge) შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა (980,000 ადამიანი, მოქალაქეთა 39,30 %). აღნიშნული კამპანია მოიცავდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას როგორც პორტალის, ისე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვის თაობაზე.

“განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რაიმე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას,” – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სამინისტროს ძალისხმევისა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია. დარჩიაშვილი ინტერპელაციის წესითაა დაბარებული პარლამენტში ოპოზიციის მიერ.

ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს და ძირითადად ეშინიათ არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დეპორტაციას გამოწვევს. დეპუტატებს აინტერესებს რას აკეთებს ამ მხრივ სამინისტრო.

“ჩვენ საკონსულო დაწესებულებებს უწევს ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებების და სხვადასხვა საკონსულო სერვისების შესახებ. შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრებზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისთვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს. […] მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა სამწუხაროდ კვლავ დაბალია”, – თქვა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ცესკო სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

დარჩიაშვილმა თქვა, რომ 2024 წელსაც მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდება საძიებო ველი, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ქართველებმა გადაამოწმონ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ, მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი იყო 52 საარჩევნო უბანი – სწორედ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც იმ დროს მოქალაქეთა რეგისტრაციის მონაცემებს შეესაბამებოდა. მიმდინარე წელსაც გადაწყვეტილება მიიღება არსებული საჭიროებების შესაბამისად.

მსგავსი პოსტები

Back to top button