მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით შესრულდეს

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით შესრულდეს და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ კახეთში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

კალაძის ამბობს, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ჩართვა ოპოზიციასაც ევალებოდა.

„თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. ყველა მაჩვენებლით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, ვინც სტატუსი მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს. საუბარი იყო, რომ ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა ისინი არათუ არ ჩართულან, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ“,- განაცხადა კალაძემ.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დეკემბრამდე გადადებაზე, კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ევროსტრუქტურების თხოვნას ასრულებს.

„პრემიერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მათი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით არ მიგვეღო. ვითვალისწინებთ, დეკემბრამდე დაველოდებით და არ მივიღებთ. ზოგადად, დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით. მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. ყველა წარმატებული ნაბიჯი 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, ევროპაში მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს და გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო, არასამართლიანი. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და ქართველი ხალხი და სახელმწიფო არ დაიჩაგრება“, – განაცხადა კალაძემ.

ქართული ოცნების ლიდერები, კახეთის რეგიონში კონფერენციებს ატარებენ და მხარდამჭერებს ხვდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button