საქართველოს მე-5-ე და მე-3-ე პრეზიდენტი ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუციას ეხმიანებიან

ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.
“ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოს ევროპული მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, – წერს ზურაბიშვილი.
ევროპარლამენტმა დღეს 400 ხმით 63-ის წინააღმდეგ მიიღო ივანიშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალი არჩევნები არსებული კრიზისიდან უალტერნატივო გამოსავალია.
„“ქართულმა ოცნებამ” დარტყმის ქვეშ დააყენა ვიზალიბერალიზაციის საკითხიც. ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო!
ახალი არჩევნები გარდაუვალი და უალტერნატივო გამოსავალია ამ ღრმა კონსტიტუციურ-პოლიტიკური კრიზისიდან!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
არანაირი შიდა საქმეებში ჩარევა არ არის. ეს არის ის, რასაც 77 დღეა, უწყვეტად ითხოვენ საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში და ამის გამო მოძალადე რეჟიმი ადამიანებს აჯარიმებს, ატყვევებს, სახის ძვლებს უმსხვრევს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში, „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით წარდგენილ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია: „ვგმობთ ევროკავშირის ჩარევას შიდა საქმეებში და უარს, აღიაროს არჩევნების ლეგიტიმურობა“.
მანჯგალაძის თქმით, დარწმუნებულია, ევროპელი პარტნიორები საბოლოოდ გაიზიარებენ იმ რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს ხალხის სურვილს, დაისაჯოს ყველა მოძალადე, ვინც საკუთარ მოქალაქეებზე ხელი აღმართა.
„არანაირი შიდა საქმეებში ჩარევა არ არის. ეს არის ის, რასაც 77 დღეა, საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტად ითხოვენ და ამის გამო მოძალადე რეჟიმი ადამიანებს აჯარიმებს, ატყვევებს, სახის ძვლებს უმსხვრევს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები საბოლოოდ გაიზიარებენ იმ რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს ხალხის სურვილს. ხალხი რას ამბობს – დაისაჯოს ყველა მოძალადე, ვინც საკუთარ მოქალაქეებზე ხელი აღმართა, დასანქცირდნენ ბრძანების გამცემები. ასევე, საუბარია იმაზე, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვინც მიიტაცა ძალაუფლება, იცოდეს, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. საბოლოო ჯამში, ვნახავთ, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს – ახალი არჩევნები და ყველა იმ ადამიანის დასანქცირება, ვინც საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უპირისპირდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“, მანჯგალაძის შეფასებით, ეს რეზოლუცია ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს.
„უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში მიღებული თამაშის წესებს თუ არ ვაღიარებთ და სუვერენიტეტად ჩავთვლით საკუთარი მოქალაქეების ცემას, მაშინ ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით. ევროპაში საკუთარ ხალხს უსმენენ და არავინ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იყენებს ტოტალურ ძალას. თუ მზისგან შორს დადგები და გაიყინები, ეს მზის ბრალი კი არა, შენი ბრალია. იგივე ხდება ევროპის შემთხვევაშიც. თუ ისე იქცევი, როგორც არ არის დადგენილი და მიღებული დემოკრატიული სტანდარტით, ბუნებრივია, სანქციებს დაგიწესებენ. ეს იმ ხალხის ბრალი კი არაა, ვისაც სცემენ, არამედ ვინც სცემს. თქვენ გინდათ, მსხვერპლის და მოძალადის პასუხისმგებლობა არიოთ.
„ოცნებას“ რომ ვუყუროთ, ისინი ამბობენ, რომ ტრამპმა FARA-ს აღსრულების მექანიზმის გარკვეული ნაწილი შეაჩერა, რადგან ე.წ. პარლამენტში აპირებდა „ქართული ოცნება“ კანონის ინიცირებას. მე ასეთ სიგიჟეებზე კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან ყველაფერი ფარატინა ქაღალდია, ოღონდ წულუკიანის საგამოძიებო კომისია არის ყველაზე მაგარი. ეს რეზოლუცია ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს, იმ ადამიანების, ვინც წარმოადგენს უმრავლესობას, ყველა მოძალადემ აგოს პასუხი, დაუწესდეს სანქცია და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ხალხი ამბობს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ ჩატარებულა სამართლიანი არჩევნები, შესაბამისად, არჩევნები თუ არ ჩატარებულა, სალომე ზურაბიშვილიც ლეგიტიმურია. დადგენილი თამაშის წესებია, როცა მოძალადის მხარეს ხარ და საკუთარ მოქალაქეებს სახის ძვლებს უმტვრევ, ბუნებრივია, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ “საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით”.
არის მოწოდება აქციების დროს დაკავებულთა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე. ახალ დოკუმენტში გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ შორის მოხვდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია მფლობელები. ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო უმძიმესი რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ
“ევროკავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო უმძიმესი რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილებები არ გინახავს დღემდე და შედეგი არის იმ ძირგამომთხრელი საქმიანობის, რომელსაც ეწევა “ქართული ოცნება”. ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან პირობებში, უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა”ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი კი აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა მძიმე მომენტშია:
“სამწუხაროა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მომენტში, ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების დასავლეთთან და მათ შორის ევროკავშირთან მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე. მსგავსი ტიპის რეზოლუციები არის პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, ასე, რომ ეს რეზოლუცია ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის,”- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
ევროპარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული რეზოლუციაში კვლავ ვკითხულობთ მოთხოვნას, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის მიღების მიზნით, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.
გარდა ამისა, რეზოლუციას დაემატა შესწორება, რომლითაც „ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრების შეუფერხებელი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან“
შესაბამისად, რეზოლუციაში 27-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული საფუძვლით, კონკრეტულად, საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით; ხაზს უსვამს, რომ „თვითგამოცხადებული“ ხელისუფლება ატარებს სრულ და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და სრულად უნდა აგოს პასუხი ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას შეიძლება მიადგეს; მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ მიხეილ სააკაშვილთან“.