საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარს, რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარს, რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა.
ზურაბიშვილის ცნობით, მან ევროპარლამენტართან შეხვედრისას ახალი არჩევნების გეგმა წარადგინა.
“შევხვდი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს საქართველოს წინსვლის გზაზე სასაუბროდ. წარვადგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას. მადლობელი ვართ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ საქართველოში ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე იმყოფება.
ის საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
იუკნევიჩიენე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის იმყოფება.
“მე ვარ აქ იმისთვის, რომ მივიღო უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტად გავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რათა ჩამოაყალიბონ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაარჩინონ დემოკრატია, თავისუფლება და საქართველოს ევროპული ცხოვრების წესი, რათა დაეხმარონ საქართველოს, დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.
რაც შეეხება უნგრეთს და სლოვაკეთს, ისინი მხოლოდ საქართველოს საკითხს არ ეწინააღმდეგებიან, მათ შორის უკრაინის საკითხსაც. ჩვენ რეზოლუციაში ვახსენეთ ერთი ახალი მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ უნდა წავახალისოთ 27-დან 25 სახელმწიფო, რომ დაუწესონ სანქციები ივანიშვილის რეჟიმს ეროვნულ დონეზე და აჩვენონ ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმს, რადგან მათი ქმედებები არ არის შესაბამისობაში არც ერთ ევროპულ ღირებულებასთან”, – ამბობს ევროპარლამენტარი.
ამასთან როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო. ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა.
“ეს ერთ-ერთი ჩემი შეხვედრაა აქ, ერთდღიანი მოკლე ვიზიტის პერიოდში, ერევნიდან სახლისკენ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტში, მუდმივი მომხსენებელი ვარ საქართველოზე. [მნიშვნელოვანი იყო] მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო.
პირველ რიგში, შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ელჩებთან, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე ოპოზიციიდან პოლიტიკოსებთან და ასევე მექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.