საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სახლთან სროლა იყო – დაჭრეს ორი ადამიანი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საცხოვრებელ სახლთან, თბილისში, გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, 3 მაისს გამთენიისას სროლა იყო. ინციდენტის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ზურაბიშვილმა გაავრცელა.
ზურაბიშვილის მონათხრობის მიხედვით, ჩხუბი 40-მდე ადამიანს შორის დაახლოებით 04:20 საათზე მოდა – იყო „მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს სროლა“.
იგი ავრცელებს ფოტომასალასაც, რომელშიც მონიშნულია ნასროლი ტყვიების ადგილი და აღნიშნავს, რომ 8 გასროლილი ტყვიდან ერთ-ერთი მის ეზოშიც აღმოჩნდა.
ზურაბიშვილის თქმით, მთელი ამ მოვლენების განმავლობაში მის სახლთან არცერთი პოლიციელი არ გამოჩენილა და ისინი ადგილზე მხოლოდ დილის 9 საათზე მივიდნენ.
“სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია …
ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრენისწინ სხვანაერად დამაფიქრებელია: დილის 4.20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტიკრივი, წივილკივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება( 8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში) , ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია. ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მობლენების დროს არცერთი პოლიციელი !!! … დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ!
მშვიდობით სავსე ქალაქი.
უსაფრთხო ქვეყანა!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების კვალიფიკაციით დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი (236-ე და 118-ე) მუხლით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპატრამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გუდიაშვილის ბაღის მიმდებარედ მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადეს.
უწყების ცნობთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით, საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შსს-ში.