მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი კოალიცია ძლიერ საქართველოს შეუერთდა

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შეუერთდა. ის პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა.
ხაზარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის “პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი”.

„ძალიან დიდი სიამაყით, დიდი პატივისცემით, მინდა გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ მოძრაობას უერთდება ერთი ხმა. ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე და იყო ორივე ხელისუფლების ოპოზიციაში. მან შეინარჩუნა ინსტიტუტი“, – თქვა მარგველაშვილის წარდგენის დროს ხაზარაძემ.

„ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ამომრჩეველი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზენტაციაზე.
“მტერს, რომელმაც გადაწყვიტა ჩააბაროს პუტინს ის ქვეყანა, რომელიც არასსროს არ გატეხილა, იმ მტერს მშვიდობიანად, ძლიერად გავუშვებთ ისტორიის იმ მხარეს, სადაც ისინი დადგნენ, ანუ წარსულში.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ბრძოლა იწყება და უკვე მიმდინარებს ყველა ქართველის გულში, ყველა პატრიოტის გულში. ეს ბრძოლა ყველა ადამიანს აყენებს გარკვეულ ადგილას, გარკვეული მიმართულებით. როგორც არის ბრძოლაში, როცა შენ უნდა იცოდე, სად დგახარ და ვისთან ერთად მოიპოვებ გამარჯვებას. დღეს საქართველო გაიყო პატრიოტებად და იმ ადამიანებად, ვისაც აღარსად მიესვლებათ და არცერთ ცივილიზებულ კარს მათ არ გაუღებენ. ჩემი ადგილი როგორც ერეთი ქართველის, რომელსაც მინდა, რომ სამშობლოს ვემსახურო, არის აქ, ამ გაერთიანებაში”- თქვა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი 2013-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტი. 2012-2013 წლებში მას განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.
კოალიცია ძლიერ საქართველოში გაერთიანებული არიან ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი და მოქალაქეები.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button