მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მორიგ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში საპროტესტო შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციის კურსს გადის, ფეისბუკის საშუალებით მორიგ მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ჭორს, რომ იგეგმება მისი გორის ჰოსპიტლიდან ციხეში დაბრუნება, მიუხედავად ექიმების კატეგორიული წინააღმდეგობისა.

სააკაშვილი წერს, რომ მას ვერაფრით გააკვირვებენ და უახლოეს დღეებში ბრძოლა გააქტიურდება.

„ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ყველაფერი, რაც მის და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ ხდება, მმართველი გუნდის მხრიდან ხდება შანტაჟია და რეჟიმისთის დროის მოსაგებად ხდება.

“რეჟიმის პარანოია გრძელდება”, – დაწერა, თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელიც სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button