მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს-მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მარტს, გამოაცხადა.
განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები – „მონებო“ მოჰყვა.

საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. ის არც გასულ სხდომაზე გამოცხადებულა დისტანციურად, არადა, მას იმ ექსკლუზიური უფლებით უნდა ესარგებლა, რაც ბრალდებულს აქვს, საუბარია საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე. სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ის სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა და პროცესის მის გამოჯანმრთელებამდე გადადებას ითხოვდა. მოსამართლემ წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, მოსამართლე ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის[საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე] . სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით, სსსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე მუხლების ნაწილების საფუძველზე. ამ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელი [„პიჯაკების საქმე“] თავისუფლების აღკვეთით რვა წლის ვადით და სამი წლის ვადით, სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა და, საბოლოო განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს პატიმრობა 12 წლითა და ექვსი თვის ვადით. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება“,- აღნიშნა მოსამართლემ.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ იხელმძღვანელა „სისხლის სამართლის კოდექსის“ 59-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაული განმეორდა, საბოლოო სასჯელის გამოთვლისას „დანაშაულთათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია­ნად შეიკრიბება“.

ამ განაჩენის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნა 2034 წლის 1 აპრილამდე მოუწევს.

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი:

მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა – თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის ცემის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში, სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
ერთ-ერთი ბოლო განაჩენი 2025 წლის 12 მარტს დადგა, როცა მიხეილ სააკაშვილი უკვე სამი წლის დაპატიმრებული იყო. მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს კიდევ ერთ საქმეზე – „იმედის დარბევის“ საქმეზე მას ედავებიან 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანიაში შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას“. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა.. ის საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. პოლიციამ იგი არჩევნების წინა დღეს დააკავა. დაკავებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ყოფნის დასადასტურებლად ვიდეოებს ფეისბუკგვერდით ავრცელებდა. სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი: ბრალი წაუყენეს ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული. მათი საქმე ცალკეა გამოყოფილი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მარტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button