მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება ნიშნავს გაცხადებულ ომს რუსეთთან

“მე არ ვიცი რა გადმოგვცა 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინამ, რამდენადაც მე ვიცი, თუ რამე იყო გადმოცემული ეს იყო შესყიდული. შესაბამისად, თუ შესყიდულიყო ეს არის საქართველოს და ქართული შეიარაღების საკუთრება” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
დეპუტატი საქართველოს ომში ჩართვის შესაძლო მცდელობად აფასებს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის იმ განცხადებას, რომელიც სამხედრო დახმარების მიღებას უკავშირდებოდა. „უკრაინსკა პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე “ქართული ოცნების” დეპუტატს კითხვა ჟურნალისტებმა პარლამენტში დაუსვეს.

“ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერცერთი მცდელობა (ვერ იქნება წარმატებული), სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი”, – თქვა გივი მიქანაძემ.

ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებითი განსხვავებები რჩება უკრაინისთვის ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორებიცაა სამხედრო დახმარების გაწევა, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კანონიერი ინტერესების დაცვა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სამხედრო დახმარების გაწევაზე კატეგორიული უარი თქვა, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის გამოყენებას შიდა პოლიტიკური დავებისთვის და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების შესახებ.

ბატონი კასიანოვის განცხადება პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, არიან ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ის ძალები, რომლებსაც სურთ, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით არეულობა და შემდეგ მეორე ფრონტი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ოცნებიდან” ფორმალურად წასული გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მიწოდება რუსეთთან გაცხადებულ ომს ნიშნავს.

„კასიანოვის განცხადებამ „ჯაველინების“ და ზოგადად, სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ დიახ, იყო აშშ-ის მხრიდან თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ იარაღი უკრაინას უნდა მიაწოდოს. ყველამ კარგად ვიცით, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება, რას ნიშნავს. ტექნიკური თვალსაზრისით ეს არაფერს ნიშნავს, რადგან უკრაინას იარაღს მთელი ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აწვდიან და საქართველომ რა იარაღი უნდა მიაწოდოს, რომ ეს რაიმე დახმარება იყოს?! ეს ნიშნავს იმას, რისგანაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იკავებს თავს რუსეთის წინაშე საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მით უფრო, რომ არცერთი, არა თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში არ იმყოფება, რა მდგომარეობაშიც საქართველოა, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე დგას და კარგად ვიცით, რას ნიშნავს სხვადასხვა მიმართულებით ქართული სამხედრო ჯარების გადაადგილება, არამც თუ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა. ეს არის გაცხადებული ომი რუსეთის ფედერაციასთან“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, თავად უკრაინის ხელისუფლებაც აღარ მალავს, რომ მათი სურვილია, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს.

„ეს პირდაპირ დაადასტურა კონგრესმენმა კინზინგერმა, ნედ პრაისმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას მიანდეს საქართველოსთან დაკავშირებით, როგორი იქნება უკრაინის დამოკიდებულება, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით. არ მგონია, რაიმე მტკიცებულებები კიდევ იყოს საჭირო.

ბატონი კასიანოვის განცხადება ადასტურებს იმას, რასაც „ხალხის ძალა“ თვეების განმავლობაში ვამბობდით. სამწუხაროდ, ევროპაში, აშშ-ში და უკრაინაშიც უკვე ღიად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა იყოს, რაც საბოლოოდ დაადასტურა კასიანოვმა“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ კიევმა თბილსს სთხოვა “ბუკის” სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს, რომ დროს მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button