საქართველოს მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო მხარდაჭერისთვის ნიდერლანდები €8 მილიონს გამოყოფს

ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით რვა მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ „დე ტელეგრააფთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რვა მილიონი ევრო თავდაცვის სფეროს განვითარების ფონდში გადაირიცხება და უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად, საბრძოლო მასალის საწყობების დაცვის გასაძლიერებლად და კიბერთავდასხმებისადმი მედეგობის გასაძლიერებლად დაიხარჯება.
როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დღეს არსებულ არასტაბილურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ჩაერიოს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის შიდა საქმეებში.
„მხოლოდ ერთად ყოფნით შეგვიძლია, გავცეთ რუსეთის აგრესიის შეკავების ძლიერი და სანდო გარანტია“, – განაცხადა ვოპკე ჰუკსტრამ.
„ტელეგრააფის“ ცნობით, ნიდერლადნების მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება არ გულისხმობს ლეტალური იარაღის შესყიდვას.
ამასთან ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს, დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია.
სამუშაო შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინიციატივით გაიმართა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა შედგა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი დაიწყო. მას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები ესწრებიან, მათ შორის არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
ვილნიუსის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე. წევრობისთვის კი რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს. კომუნიკეში წერია, რომ “ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
საქართველო ვილნიუსში ფაქტობრივად მხოლოდ ამ ჩანაწერის დონეზე იყო აქტუალური.
მაშინ როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ყალიბდება, ჩვენი ქვეყანა ლიეტუვაში საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციითაა წარმოდგენილი.