საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება-პარლამენტის კანონი

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობის მიღება მარტივდება. კანონპროექტს კენჭი დღეს, 1 ნოემბერს, უყარეს პლენარულ სხდომაზე- პროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს ორგანულ კანონში 2018 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზი, მათ შორის ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადგენილი 5-წლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე გაიზარდა.
“დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო”, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტის ავტორი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტს კი მთავრობამ წარუდგინა.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ:
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს
არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები
გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდება
მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების ათწლიანი ცენზი ხუთ წლამდე შემცირდება, რითაც სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.
ავტორების განცხადებით, ამან გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც ამგვარი სტატუსი დაუდგინდათ 2012 წლის შემდგომ, ვინაიდან ამ კატეგორიისთვის განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების ფაქტის დადასტურება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
“ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა დაიწყო მხოლოდ 2012 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. ზემოაღნიშნული პირები, ფაქტობრივად, მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში, თუმცა, შესაბამისი სტატუსის დადგენა შეძლეს მხოლოდ 2012 წლიდან.
აქედან გამომდინარე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები დღეისათვის კანონიერ საფუძველზე ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, მითითებული გარემოების გამო უკანასკნელ პერიოდამდე ცხოვრების 10-წლიან ცენზს ვერ აკმაყოფილებდნენ და დამატებით უწევდათ ლოდინი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად”, – ნათქვამია დოკუმენტში.
პროექტის მიხედვით, დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.