საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს
ტრადიციულად, წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება.
„ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს.
მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, სპორტი ქართველებისთვის ერთობის ერთ-ერთი სახეობა გახდა და ამიტომ ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, ქალბატონ ელჩს, მოგესალმებით თქვენ, ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებო, ვინც დღეს მიდიხართ საფრანგეთში იმისათვის, რომ საქართველო წარმოადგინოთ და საქართველოსთვის მოიპოვოთ რაც შეიძლება ბევრი მედალი. აღინიშნა, რომ ჩვენ, რაც ვმონაწილეობთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე, მივიღეთ 40 მედალი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ბევრი ქვეყნის შედეგი, რომელიც მონაწილეობს საუკუნეზე მეტი. ასე რომ, მე ვარ სრულიად დარწმუნებული თქვენს შემართებაში და შემდგომ თქვენს გამარჯვებაში. თქვენ არა მხოლოდ არაჩვეულებრივი დონის სპორტსმენები ბრძანდებით, ასევე ხართ ამ ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ის მაგალითი, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგალითი ხართ შემართების, თავდადების, პროფესიონალიზმის, მაგალითი, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე, როცა გინდა, უფრო მაღალ ეტაპზე ახვიდე. მაგალითი – ქვეყნისთვის და შენი გამარჯვებისთვის, პირადიც არ უნდა დავივიწყოთ, ეს ორივე ერთად მოდის.
თქვენ მზად ხართ ძალიან ბევრისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ დღეს არის ეგზისტენციალური და ეს თამაშებიც არის ეგზისტენციალური. ჩვენთვის სპორტი გახდა ეგზისტენციალური, გახდა ერთობის ერთ-ერთი სახეობა. ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთად გახარების, რაც ძალიან გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ [წარმატებით] დაგვიბრუნდებით და ესეც იქნება ერთი დიდი გახარების მომენტი. მინდა, მოგიწვიოთ პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩამოხვალთ. თქვენ ჩამოხვალთ ძალიან ბევრი მედლით. მართალია, ამ წელს რაოდენობით ნაკლები ხართ, როგორც გუნდი, მაგრამ ხარისხით, მე დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას და ჩვენთან დაბრუნებას ამ ძალიან დიდი წარმატებით. ჩვენ რომ გაგვახაროთ, თქვენც რომ გაიხაროთ. ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად ვიყო ამ ცერემონიის თანამონაწილე, როდესაც ჩვენთან ერთად არიან ჩვენი სპორტის ლეგენდები, მოქმედი ჩემპიონები და დარწმუნებული ვარ, მომავალი ჩემპიონები , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ სპორტსმენებს საუკეთესო შედეგების მიღწევა და სამშობლოში ამაყად დაბრუნება უსურვა.
„ათლეტებისთვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უდიდესი მიღწევაა. ყველამ ვიცით, რომ გზა ოლიმპიურ თამაშებამდე რთული და გამოწვევებით სავსეა. ამიტომ, დღეს, თქვენი აქ ყოფნა, უკვე არის დასტური თქვენი სპორტული სულის, მიზანდასახულობის და გამარჯვების მომენტის სამიზნედ არდაკარგვის დასტურის სახით.
ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ. თქვენი შემართება, შრომისმოყვარეობა და მტკიცე სული ოლიმპიური თამაშების სპორტული ოსტატობისა და ერთიანობის ღირებულებების გამოხატულებაა.
თქვენ საქართველოს მსოფლიო დონეზე წარადგენთ და ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, თან მიგაქვთ ჩვენი ქვეყნის ოცნებები და იმედი. თქვენ არა მხოლოდ მედლების მოპოვებისთვის იბრძვით, არამედ, ასევე, ჩვენი ემოციური დამუხტვისთვის და სიხარულის ყიჟინისთვის.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ და იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, მთელი ქვეყანა თქვენ გვერდით დგას და გგულშემატკივრობთ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით, ძლიერი სპორტული ჟინით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენთ.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ათლეტების მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მხარდამჭერებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ თქვენი წარმატების გზაზე.
გისურვებთ საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას, ისე, რომ თქვენი დღევანდელი გამარჯვებები მომავალი თაობების შთაგონებად იქცეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარიზში ოლიმპიური ცეცხლი 26 ივლისს აინთება. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მერვედ მონაწილეობს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი. გარდა ამისა, ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში იასპარეზებენ ძიუდოისტები. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შედიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.
1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან დღემდე, საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, როცა საქართველომ 8 მედალი ( 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვა).