საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო EU-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოსთვის EU-ის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის თავზე, “სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო”.
ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ელჩმა თბილისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.
“ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. განაცხადის შეტანის შემდეგ ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს. შარშან ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო, ჩემთვის ეს პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.
დღეს, 1 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს”, – თქვა მან.
მან შეაფასა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასებას წარმოადგენს. ელჩის თქმით, საქართველოს მიღწეული აქვს ტექნიკური წისვლები ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, თუმცა აღნიშნავს, რომ 9 ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა.
ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. ის ამბობს, რომ ანგარიში “პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებაში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს”.
“დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს. ის მიღწეულ ტექნიკურ წინსვლასაც აღიარებს – მაგალითად, ენერგეტიკის სექტორში ნაწილობრივ დაიწყო ბაზრის დიდი ხნით გადადებული გახსნა, მეორე – აღინიშნა მზაობა რეფორმების მიმართულებით გარემოს დაცვის, კლიმატის და ნარჩენების მართვის სფეროებში, მესამე – სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანი იყო.
ვისურვებდი, რომ მეტი ასეთი პოზიტიური მიღწევების შესახებ საუბარი შემეძლოს. სამწუხაროდ, მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა 9 ნაბიჯი ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.
გასული წლის ანგარიშის შემდეგ, 9 ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა. დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებაში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშვნელოვანი თავი – სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და ხაზი გაუსვა, რომ “წელს საქართველომ უკან დაიხია”. ამ კონტექსტში მან 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა.
“ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე, წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა.
9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საპირისპიროც არ უთქვამთ, ამიტომ, ეს გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს”, – თქვა მან.
ელჩმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ანგარიში და გაიმეორა, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ განხორციელდება რეფორმები.
“რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. ვთავაზობ ხელისუფლებას, ყურადღებით წაიკითხოს ანგარიშის 103 გვერდი, ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს, ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ, მაგრამ მისი განხორციელება ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს და ასევე დაბრუნებას იმ ღირებულებებისადმი, რომელიც არ განიხილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს და ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა. ნუ დაკარგავთ იმედს!”, – თქვა ელჩმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, საჭიროა საპარლამენტო არჩევნების დარღვევების “გამჭვირვალედ” გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. “ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ამის შესახებ მან ევროკავშირის კომისრის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მათ ყოველწლიური გაფართოების ანგარიში წარადგინეს.
“საქართველში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამორჩეოდა სერიოზული დარღვევებით, ამას სჭირდება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, არც ამის საწინააღმდეგო უთქვამთ. ასე, რომ ჩვენ ვართ იმ ზონაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას, რათა გაირკვეს რა მოხდა და როგორ შეეძლო ამ ყველაფერს არჩევნების შედეგებზე ემოქმედა”, – განაცხადა ბორელმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” მიიჩნევს.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი და საზოგადოებას მოუწოდებს, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.