მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
ანგარიში მე-9 წუთზე ლუკა ლოჩოშვილის გოლით გაიხსნა.

ფაქტები

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე მატჩი იყო – ჩვენმა გუნდმა სამივე მოიგო.
ფარერების კარში მეათე გოლი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებში 79-ე მატჩი გამართა მეკარე გიორგი ლორიამ. მან ამ შეხვედრით სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ფარერებთან მატჩში საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ ახალგაზრდებს: ნიკა გაგნიძეს, საბა ხარებაშვილსა და დავით კერესელიძეს.
ეს „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრების მე-80 მატჩი იყო. მატჩის დასაწყისში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გუნდის მეკარეს, გიორგი ლორიას, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, საგანგებო ჯილდო გადასცა.

შეხვედრა „ჯვაროსნების“ უპირატესობით დაიწყო. პირველი მომენტი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მე-9 წუთზე გიორგი გულიაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა მცველს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა შემტევმა ფეხბურთელებმა მომენტებით ვერ ისარგებლეს.

36-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე პოულ კალსბერგი აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა.

სტუმრებმა კიდევ ერთი მომენტი 50-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ დანიელ იოჰანსენის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია.
მე-80 წუთზე ვილი სანიოლმა მოედანზე საბა ხარებაშვილი შეუშვა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია – 16 წლის, 9 თვისა და 2 დღის.

მატჩის ბოლო წუთები უფრო აქტიურად ფარერის კუნძულების ნაკრებმა ჩაატარა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 8 ივნისს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.

საქართველო – ფარერები 1:0

საქართველო: ლორია (90+4. კერესელიძე) გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი (80. ხარებაშვილი), გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი (79. შ. ნონიკაშვილი), ნ. გაგნიძე, შენგელია (64. ბერიძე), ლობჟანიძე, გულიაშვილი (64. მამუჩაშვილი), ქვილითაია (64. ვოლკოვი).

სათადარიგოები: გუგეშაშვილი – გაგუა, გელაშვილი, გიორბელიძე, კვეკვესკირი.

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ფარერები: რეინარტროდი – ორეგაარდი, ვატნჰამარი (46. ჯუსტინუსენი), ვ. დავიდსენი – ბენიამინსენი (63. ჰანსონი) – მნენეი (63. ჰენდრიკსონი), ი. ანდერსენი, დ. იოჰანსენი (63. ფაერო) – სიორენსენი, კალსბერგი (63. ფრედერიკსბერგი), პ. იოჰანესენი (63. კნუდსენი/71. კლეტსკარდი)

სათადარიგოები: ლამჰაუგე, პეტერსენი – აგნარსონი, დანიელსენი, ედმუნდსონი.

მწვრთნელი: ეიდუნ კლაკსტეინი

მსგავსი პოსტები

Back to top button