მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს OGP-ის წევრობა შეუჩერეს-აგენტების კანონის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ღია მმართველობის“ საპარლამენტო საბჭოს ჯგუფის წევრობა შეიჩერეს

საქართველოს “ღია მმართველობის პარტნიორობაში” (OGP) წევრობა შეუჩერდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს და აცხადებს, რომ ცნობა დღეს მიიღეს.
OGP-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი განცხადება ე.წ. აგენტების კანონის შესახებ. ორგანიზაცია მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევდა. ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებდა საქართველოს მთავრობისთვის OGP-ის წევრობის შესაძლო შეჩერების შესახებ.

2023 წელს ე.წ. აგენტების კანონის პირველი ინიციირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ღია მმართველობის“ საპარლამენტო საბჭოს ჯგუფის წევრობა შეიჩერეს.

“ღია მმართველობის პარტნიორობამ” მაისში საქართველოს მთავრობას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას OGP-ის წევრობას შეუწყვეტდა. მაშინ ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობაზე მიუთითებდა.

OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა.. საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა და 2020 წლის მდგომარეობით, 4 სამოქმედო გეგმა განახორციელა. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი 2014 წლიდან იყო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო შეწყვეტილი აქვს OGP წევრი სახელმწიფოს სტატუსი მანამდე, სანამ ხელისუფლება არ გააუქმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების შემზღუდველ და მარეპრესირებელ კანონებს:

“ერთ დროს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership) ლიდერი ქვეყანა, დღეს OGP-მ საქართველოს წევრობა დროებით შეუჩერა.
საქართველო შეწყვეტილი აქვს OGP წევრი სახელმწიფოს სტატუსი მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების შემზღუდველ და მარეპრესირებელ კანონებს;
სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ქვეყანაში გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, სანამ სამოქალაქო საზოგადოებას არ მიეცემა საშუალება ფიზიკური ანგარიშსწორების და სიტყვიერი თავდასხმების და მუქარების გარეშე თავისუფლად იმუშაონ, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში.
ეს ინფორმაცია უკვე აცნობა OGP-მ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც არის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი OGP-ში.
ამ საიტიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ღია მმართველობა პრიორიტეტს საერთოდ არ წარმოადგენს. 2023 წლის დეკემბრის შემდგომ ინფორმაცია განახლებული არაა. ახლა ის თუ დაიწერება ამ საიტზე, რომ OGP-მ საქართველოს როგორც დემოკრატიის მხრივ რეგრესის მქონე ქვეყანას წევრობის სტატუსი შეუჩერა. წერს კლდიაშვილი.

OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ორ წელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნები OGP-ის წარუდგენენ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მომზადებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც მთავრობის კონკრეტული ვალდებულებებია გაწერილი.

OGP-ის წევრობის დასაწყისში საქართველომ ლიდერის როლი შეასრულა. 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე). საქართველო OGP-ის წევრი ქვეყნების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნებოდა, სადაც ღია მმართველობის პროცესში სრულად ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო.

თუმცა სამოქალაქო სექტორის შეზღუდვისა და მედიაგარემოს გაუარესების ფონზე ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) მაისში საქართველოს მთავრობას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას OGP-ის წევრობის შეწყვეტით აფრთხილებდა. მაშინ ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობაზე მიუთითებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button